რომან გოცირიძე: ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია

„ეროვნული ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, აცხადებს რომ ლარის დევალვაცია მნიშვნელოვანწილად მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რაც ბოლო პერიოდში მიმდინარე გარეფაქტორებმა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა.

როგორც ის განმარტავს, „ბოლო ორი წლის განმავლობაში ლარი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა დევალვაციისკენ და 2013 წლის დეკემბერში ამის შედეგი უკვე გამოჩნდა, როდესაც „ეროვნული ბანკი“ იძულებული გახდა, 470 მილიონი აშშ დოლარის ბაზარზე გამოტანით ლარი „დაეჭირა“. მაგრამ აქედან ხელისუფლებამ დასკვნა მაინც ვერ გამოიტანა და მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს“.

მისი განმარტებით, შარშან ლარის დევალვაცია მთლიანად შიდა ფაქტორების ბრალი იყო, რაც ხელისუფლების პოლიტიკამ განაპირობა.

„ეს იყო პროპაგანდისტულ საკითხებზე ორიენტირებული მთავრობის ჩარევა ეკონომიკაში. ანუ, ფულის ჩადება სოციალურ და ე.წ. ბიზნესის ხელისშემწყობ სფეროებში, რასაც მოჰყვა ახალი რეგულაციების დაწესება. ეს მთლიანად ნიშნავდა ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას და, ცხადია, აისახა ეკონომიკურ ზრდაზე, რომლიც, წესით, უნდა შეცვლილიყო, მაგრამ არ შეიცვალა,“ – ამბობს რომან გოცირიძე.

მისი თქმით, მთავრობის ეს პოლიტიკა, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებებს მოიცავდა, აუცილებლად აისახებოდა ლარის კურსზე, მაგრამ ეს კიდევ უფრო გაამწვავა გარე ფაქტორებმა.

მისი თქმით, ლარის გაუფასურებაზე საგარეო ფაქტორიც მოქმედებს, მაგრამ ქვეყანამ დაკარგა შიდა იმუნიტეტი, მოქნილობა.

“ბიუჯეტი გახდა სხვანაირი, უამრავი სოციალური ხარჯებია, ხვნა, თესვა, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება, “აწარმოე საქართველოში”, ჯანდაცვის პროგრამები. თავისთავად ბიუჯეტი გახდა უკვე ეკონომიკური კრიზისის შემქმნელი ფაქტორი, შეიცვალა კონფიგურაცია ეკონომიკური, გარე შოკებისადმი მდგრადობა დაკარგა ეკონომიკამ რეგულაციების გამო, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ საგარეო ფაქტორი არ არის. არის რა თქმა უნდა,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თმით, ყველაზე მტკივნეული გადმორიცხვების შემცირება იყო.

ამიტომ ის ფიქრობს, რომ აუცილებელი ღონისძიებებია ახლა გასატარებელი, რაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის, მინიმუმ, 300 მილიონი ლარით შემცირებას, შემცირებას, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის, მინიმუმ, 3%-მდე დაწევას და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას გულისხმობს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას, უმუშევრობის გაზრდას და ფასების გაზრდას ვარაუდობს, რაც, მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკისთვის დამღუპველი აღმოჩნდება.

banner
წინა სტატიაშილარის გაუფასურება გრძელდება
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პრობლემა ქვეყნის