ნოდარ ხადური – ევროპის საინვესტიციო ბანკი კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად გააქტიურდება

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად გააქტიურდება. როგორც ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა , ეს გადაწყვეტილება დღეს მისი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტის ლასლო ბარანაის შეხვედრაზე იქნა მიღებული.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი გააქტიურდება კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად, როგორც საქართველოს საბანკო სისტემის მეშვეობით, ისე უშუალოდ საკუთარი ოფისის მეშვეობით. ამავე დროს შევთანხმდით, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი დაიწყებს და გააგრძელებს წყლით მომარაგების პროგრამების განხორციელებას, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ქალაქში, როგორიც არის ქუთაისი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით საქართველოში ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების პროექტი მიმდინარეობს და განხორციელდება მომავალში. კერძოდ, ამ დროისთვის მიმდინარეობს 380 მილიონი ევროს პროექტები და დაგეგმილია კიდევ 150 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების განხორციელება.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ლასლო ბარანაიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ ასეთი დახმარების საშუალებით ევროპის საინვესტიციო ბანკი ხელს უწყობს საქართველოში დასაქმების ამაღლებას. მან ასევე მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა ორი კვირის წინ საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული ოფისის გახსნა, რომელიც ბარანაის თქმით, მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ერთი კვირის შემდეგ ევროპის საინვესტიციო ბანკი რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოში ბიზნესფორუმის ჩატარებას გეგმავს, მომავალში კი პროექტებს განახორციელებს არა მხოლოდ მუნიციპალურ, არამედ კერძო სექტორშიც.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტთან EBRD-ის ყოველწიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისირცხვილის კორიდორი ენერგეტიკის სამინისტროსთან
შემდეგი სტატიაჯოკია ბოდოკიას პროცესი 10 ივნისს გაგრძლედება