ნინო ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს. მისი თქმით, საქართველო არანაირ გარანტიას არ იღებს, რომ ნატოს წევრი გახდება. “რა უნდა გვითხრან დასავლელმა კოლეგებმა, სტუმრებმა, მეგობრებმა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მომავალი პერსპექტივა აქვს საქართველოს, როდესაც პირდაპირი ტექსტით გვიცხადებენ, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ შეუძლია იოცნებოს ნატოზე და ოდესმე შეიძლება გახდეს ნატოს წევრი?! როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ დასავლეთი და ნატო ხელს ვერ შეუშლის რუსეთსა და აფხაზეთს, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულებების გაფორმებას, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად არანაირ გარანტიას არ ვიღებთ არც ნატოს წევრობასთან და არც ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით, რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ საქართველოს ხელისუფლება გონს მოეგოს და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი?!”,-განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, თუ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ეს ქვეყნისათვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
“თუ ევროკავშირი ახერხებს იმას, რომ ჩავიდეს აფხაზეთში და პირდაპირი დიალოგი აწარმოოს, რატომ ვერ ახერხებს ამას ჩვენი ხელისუფლება. რატომ ვერ ვახერხებთ, რომ პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებსა და ოსებს, პირდაპირი დიალოგი წარვმართოთ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ნებისმიერი შემდგომი კონფრონტაცია, მოლაპარაკებების არდაწყება რუსეთთან, ქვეყნისათვის იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულია ძალები, რომლებსაც საქართველოში კონფლიქტის გაღვიძება სურთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას რუსეთთან წინააღმდეგობის გასაწევად, შესაძლოა, დამატებითი შეიარაღება მიეწოდოს, კიდევ უფრო დაანგრევს და გააცამტვერებს უკრაინას და საერთოდ, უკრაინის სახელმწიფოებრიობის პერსპექტივას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
“ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას დროულად მოეგოს გონს, ნუ არის შეშინებულ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ შიში ნამდვილად ვერ გადაარჩენს ამ ხელისუფლებას და სწორი და რაციონალური ნაბიჯების გადადგმა, მათ გარკვეულ შანსს კიდევ მისცემს”, – დასძინა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში„კორტების“ საქმეზე დაჭერები გაგრძელდება. რამდენ პირს ემუქრება საპატიმრო?
შემდეგი სტატიაკორტების საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია–ირმა ჭკადუა