“მსგავს განცხადებას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია”- თამაზ მეჭიაური მისი სახელით გავრცელებულ კომენტარზე საუბრობს

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თამაზ მეჭიაური მედიით გავრცელებულ მის ერთ-ერთ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მეჭიაური მისი სახელით გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილს უკავშირდებოდა და კატეგოროულად აცხადებს, რომ მსგავს კომენტარს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
“მინდა გამოვეხმაურო, 22 ოქტომბერს, რიგი საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც, თითქოს მე, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განვაცხადე, ვციტირებ: “რუსთავი 2”-ის მოვლენები ჩაწყნარდება და პრეზიდენტსაც მოვუვლით “ოცნება”.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსგავს განცხადებას ჩემი მხრიდან არც მედიასაშუალებებთან და არც პრივატულ საუბრებში ადგილი არ ჰქონია. მედიის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ამის შესახებ განმარტებები გუშინ და დღეს თითქმის ყველა ტელეკომპანიასთან გავაკეთე, რაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ტელეეთერებში არ მოხვდა. უფრო მეტიც, ზოგიერთი ტელეკომპანია ისევ აგრძელებს დეზინფორმაციის ტირაჟირებას.
პატივს ვცემ სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, მაგრამ არსებობს ჟურნალისტური ეთიკა და ვფიქრობ, მინიმუმ უხერხულია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და არარსებულის უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოჩენა.
აქვე აღვნიშნავ, რომ არც ერთი ჩემი განცხადებისა და გამონათქვამის უარყოფა არასოდეს გამიკეთებია და არც ჟურნალისტებს შექმნიათ ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა.
ჩემი პოზიცია, პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით, უცვლელია. პრეზიდენტის განცხადება შეიცავს სასამართლოზე ზეწოლის ნიშნებს, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს კი არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, – აცხადებს მეჭიაური.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდებისთვის შეთქმულებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: რუსთავი 2-ის დახურვაზე საუბარი წმინდა წყლის სპეკულაციაა