ირაკლი ღარიბაშვილი: ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას პროვოკაციას უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ “მთავრობამ იცის , რა უნდა გააკეთოს და პანიკა საჭირო არ არის”.
“მინდა, ყველას სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ. საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მთავრობამ იცოდა, რას აკეთებდა და ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას. ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო, ასე ვთქვათ, ოკუპანტების გავლენის ქვეშ და ეს ტერიტორია არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ, მგონი, ყველასთვის ცნობილია. ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ და სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და დიალოგის გზით, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ურთიერთობების დარეგულირება და დეოკუპაციის პროცესის დაწყება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ საპასუხოდ ვხედავთ ასეთ პროვოკაციას, რომელიც აბსოლუტურად გაუმართლებელია, მითუმეტეს, ჩემი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს გაემგზავრა პრაღაში, სადაც ხვალ აქვს შეხვედრა კარასინთან. ასე, რომ აბოლუტურად გაუგებარი და გაუმართლებელია ასეთი ქმედება”, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ “რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება ამგვარი პროვოკაციებით და შეჩერდება ეს პროცესი, ვინაიდან ეს არც ერთ მხარეს არ წაადგება”.
“ჩვენ გვსურს კონსტრუქციული, პრაგმატული ურთიერთობები განვავითაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დავრჩებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენს ტერიტორიებს – ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს ვიყენებთ და გამოვიყენებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთვის და პარტნიორი სახელმწიფოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების პროცესზე ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაიკითხება
შემდეგი სტატიასაბერძნეთის სახელმწიფო სექტორის თანამშრომლები ხვალიდან 24 საათიან გაფიცვას იწყებენ