თინა ხიდაშელი მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუმცა სვამს კითხვას, რატომ მონტენეგრო და არა საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ის მხარს უჭერს მონტენეგროს გაწევრიანებას ნატოში, თუმცა სვამს კითხვას , რატომ მონტენეგრო, სადაც ალიანსში გაწევრიანებას მოსახლეობის ერთ მესამედზე ნაკლები უჭერს მხარს და არა საქართველო, რომლის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი ნატოში ინტეგრაციის მომხრეა. ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს “თბილისში რუმსში” მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
მან ისაუბრა ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც ვარშავაში გაიმართება და აღნიშნა, რომ ნატო-ს გაფართოება იქნებოდა სწორი პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელსაც რუსეთი დემოკრატიულ სამყაროს უგზავნის.
თინა ხიდაშელის თქმით, დღეს დგას ძლიერი ხელმძღვანელობის პრობლემა და რაც გვაკლია, არის სწორედ ძლიერი ხმა ნატოდან და ევროკავშირიდან.
“საქართველოში თუ ნატო-მ კრახი განიცადა, ეს იქნება კრახი ძალიან ბევრი მიმართულებით. თუ ნატო გამოიჩენს სიფრთხილეს რუსეთის მიმართ, ამით მას გზას გაუხსნის, ვინაიდან ძალიან ბევრი ძალა, ძალიან ბევრი ადამიანი, ელოდება რომ ნატო გაჩერდება და დაფრთხება. სწორედ ამაზე პასუხი უნდა იყოს ვარშავის სამიტი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ თუ დღეს რომელიმე ქვეყანა იმსახურებს ნატო-ს წევრობაზე მიწვევას, ეს არის მონტენეგრო. მე სრულად ვუჭერ მხარს მათ გაწევრიანებას. მაგრამ მთავარი შეკითხვა, ფუნდამენტური შეკითხვა, რაც მაქვს, არის ის, რატომ მონტენეგრო, სადაც მოსახლეობის ერთ მესამედზე ნაკლები არის ალიანსში გაწევრიანების მომხრე და არა საქართველო, სადაც ორ მესამედზე მეტი უჭერს მხარს ნატოში ინტეგრაციას. რატომ არ ვართ ჩვენ შესაფერისები, გვესმის, რომ არის გარკვეული ცინიზმი ამ კითხვაში, მაგრამ ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა კედელი დავანგრიოთ და ყველა დავარწმუნოთ, რომ თუკი რამე უნდა მოხდეს ვარშავაში, ეს სწორედ ნატოს გაფართოებაა, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური სპექტრი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს”
შემდეგი სტატია,,დიდ პატივს ვცემ უსუფაშვილს, მაგრამ ვერ დავუჭერ მხარს, როდესაც ის არაფორმალური მმართველობის თემის გამარტივებას ცდილობს”