თინა ხიდაშელი: გაწმენდილ რკინიგზას ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრებისთვის გამოვიყენებთ

ადგილზე გაწმენდილ რკინიგზას ჩვენ ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრებისთვის გამოვიყენებთ , – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს კრწანისის სასწავლო ცენტრში განუცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთში რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის აღდგენას სამხედრო დანიშნულება, მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი რკინიგზა შეიძლება ნებისმიერი მიზნისთვის იყოს გამოყენებული.
“ისინი ამბობენ, რომ ეს არის ეკონომიკური საქმიანობისთვის. დღეს ვნახე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე დასრულდება აფხაზეთში შიდა მიზნებისთვის რკინიგზის აღდგენა, თუმცა რკინიგზა ისეთი ტიპის მოვლენაა, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფუნქციით გამოიყენო. ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, გნებავთ ოკუპირებულზე, მაგრამ მაინც ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ახორციელებენ, იმ პოლიტიკის მაგალითია, რომელსაც რუსეთი ჩვენს მიწაზე ახორციელებს ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების დარღვევით. ეს ახალი არაა, ამას შეჩვეულები ვართ, ალბათ კიდევ მეტს გააკეთებენ, მთავარია საქართველოს ხელისუფლება იყოს სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ხელოვნურად გავლებულ ბარიერებს აქეთ არ მოხდეს ამის გადმოსვლა. რაც უფრო მეტ კარგს გააკეთებენ – რკინიგზას აღადგენენ თუ მსგავს რამეს, როცა აფხაზეთი დე ფაქტოდ საქართველოს ტერიტორია იქნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან გაწმენდილი რკინიგზა დაგვხვდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მედიის შეკითხვაზე, რა შეიძლება დაუპირისპიროს აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას საქართველოს ხელისუფლებამ, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ “ამას ჩვენ ვერაფერს დავუპირისპირებთ”.
“სანამ ეს ყველაფერი ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ სადაც არ გვაქვს არანაირი წვდომა, ამას შეიძლება დავუპირისპიროთ მხოლოდ საერთაშორისო მობილიზაცია და ის დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც მუდმივად ახორციელებს საქართველო და ვფიქრობ, წინა კვირას ჩემი ვაშინგტონში ვიზიტი ამის კარგი მაგალითი იყო – მაგალითი იყო იმისა, თუ რა დონეზე შეგიძლია აწიო თემა და რა დონეზე მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხად აქციო შენი პარტნიორებისთვის მორიგ ჯერზე. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ამოცანა ამ წუთისთვის – იყო მუდმივად დღის წესრიგში და გყავდეს საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებული ყველაზე უფრო მძიმე და ცუდი სცენარებისთვის. ადგილზე გაწმენდილ რკინიგზას შემდეგ ჩვენ ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრებისთვის გამოვიყენებთ”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოსაწესრიგებლად მუშაობენ. როგორც ბულგაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის სარკინიგზო ჯარები ივლისში აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიზნით გაიგზავნა.
როგორც ბულგაკოვმა განაცხადა, აღნიშნული მონაკვეთი 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა.

banner
წინა სტატიაშიყვარელში სტიქიის შედეგად მიყენებული ინსფრასტრუქტურული ზიანი 900 ათას ლარამდეა
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული საკითხია