თეა წულუკიანი მარნეულის მოსახლეობას ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მარნეულის მოსახლეობას ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. როგორც “თაიმერს” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანი მარნეულს ეწვია, სადაც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეხვდა და მათ საქართველოს ევროპული არჩევანისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა ქვეყნისათვის და რას მოუტანს ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა და რელიგიური აღმსარებლობისა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა უშუალოდ იუსტიციის მინისტრისგან შეიტყვეს აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში უმცირესობათა უფლებებისა და მათი როლის შესახებაც.
თეა წულუკიანის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი რეფორმის გატარება ხდება საჭირო, მაგრამ ამას ჩვენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვაკეთებთ და არა იმიტომ, რომ ვინმეს მოთხოვნაა. ეს უკეთესი მომავალი თითოეული ჩვენი მოქალაქის საუკეთესო ინტერესსა და კეთილდღეობაზეა მორგებული და მიზნად ისახავს, მომავალმა თაობამ უკეთეს სახელმწიფოში იცხოვროს. უკეთესი სახელმწიფო კი ეთნიკური უმცირესობებისთვის პროგრესის პირობების შექმნასაც გულისხმობს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა სახელმწიფო ენა ისწავლონ, რათა ჰქონდეთ პერსპექტივა, პროფესიული არჩევანის საშუალება და კარიერა საქართველოში. თანასწორობა, რომელიც ევროპული და, შესაბამისად, ქართული ღირებულებაა, სხვაგვარად ვერ მიიღწევა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან დიალოგი იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. თეა წულუკიანი პერიოდულად მართავს შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობასთან, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უშუალოდ მთავრობის წევრისაგან მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და მოისმინონ იუსტიციის მინისტრის ხედვა – თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობას ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინისტრის ინიციატივით, ფოკაში ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ტარდება კომპიუტერული უნარ-ჩვევებისა და ქართული ენის შემსწავლელი ტრენინგები. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ფუნქციონირებს იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრები, რაც მოსახლეობისათვის სახელმწიფო სერვისების კომფორტულობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. შენდება ცენტრები კაბალასა (2015 წელს) და იორმუღანლოში (2016 წელს), ასევე, იუსტიციის სახლი ახალქალაქში (2016 წელს).
“დღევანდელი შეხვედრა მარნეულში პროექტი “ეროვნული უმცირესობების ფორუმი – 2015″-ის ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება აღმოსავლეთის პარტნირობის პროგრამისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ. პროექტი ქვემო ქართლის რეგიონში ხორციელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს დიდ შეცდომად აფასებს
შემდეგი სტატიაგიორგი გაბაშვილი – აბაშიძე-კარასინის ფორმატს არც ერთი მიმართულებით გაუმჯობესება არ მოუტანია