ზურაბ ტყემალაძე კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას დაპირდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას და მომავალი კვირისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას პირდება.
ტყემალაძე გლეხებს სთავაზობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ან სამშაბათს მათი მონაწილეობით გაფართოებული სხდომა გაიმართოს.
“ქუჩაში საუბარი არასდროს გამოდის. დავსხდეთ წყნარად, მშვიდად. ჩვენ რომ გვცოდნოდა დღეს მოსვლას აპირებდით, შესაბამის სამსახურს მოვიწვევდით, შეიძლება ბიზნესისთვისაც გვეთხოვა, რომ მოსულიყვნენ და აეხსნათ, თუ რა ხდება და როგორ. აღნიშნულ საქმეს დეტალური შესწავლა სჭირდება”, – მიმართა პარლამენტში მისულ მევენახეებს ტყემალაძემ და ასეთი ფორმატის შეხვედრის მომავალი კვირის დასაწყისში გამართვას დაპირდა.
ზურაბ ტყემალაძის თქმით, ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ახორციელებს სუბსიდირებას. მისი განცხადებით, ყურძნის ფასს სახელმწიფო არ ადგენს და ფასი 35 თუ 50 თეთრი იქნება, ეს ბიზნესის საქმეა.
ტყემალაძემ ისიც აღნიშნა, რომ ზოგადად სუბსიდირება სწორი არ არის, მაგრამ მისი საჭიროებიდან გამომდინარე სახელმწიფო ამას ახორციელებს.
ცნობისთვის, კახელი მევენახეები პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოწვევით იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი–მასშტაბური წვრთნები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს