ირაკლი ღარიბაშვილი რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მწერალ რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. “დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო.
რეზო ჭეიშვილმა თავისი შემოქმედებით მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა ქართულ მწერლობას. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაშიც. რეზო ჭეიშვილის სცენარით არაერთი ფილმია გადაღებული, რომლებიც ქართული კინოს საუკეთესო ნიმუშებად არის მიჩნეული.
თანავუგრძნობ რეზო ჭეიშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.
ქართველი მწერალი რეზო ჭეიშვილი დღეს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1933 წლის 24 აპრილს დაიბადა. სხვადასხვა პერიოდში იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ “განთიადის” მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. რეზო ჭეიშვილი იყო რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის (“მზიანეთი”, “ზღვის მგელი”, “ავტოპორტრეტი”, “ფედია”, “ჩემი მეგობარი ნოდარი”, “გამოაღეთ ფანჯრები”, “გათენების წინ”, “ჭიდაობას რა უნდა”, “ექსპრეს – ინფორმაცია”) სცენარის ავტორი. მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს მიიღო პრემია “საბა” ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას დაპირდა
შემდეგი სტატიაკახელი მევენახეების პრეტენზიებზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია