დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ვისურისით ინფიცირებულ პაციენტებს მიმართავს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ვისურისით ინფიცირებულ პაციენტებს მიმართავს.
როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა მოსალოდნელი პროექტის შესახებ გაიგეს და რეჟიმს და თავის მოვლას თავი დაანებეს. მისივე ინფორმაციით, ბევრი კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა მკურნალობის დაწყების იმედით, რეჟიმის დაცვაზე ხელი აიღეს, ღებულობენ ალკოჰოლს და საერთოდ არ იცავენ ძირითად საბაზო პრინციპებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელი და ძალიან დიდი რისკების შემცველია.
“ყველა პაციენტს, რომელსაც C ჰეპატიტი აქვს, უმორჩილესად ვთხოვ გააცნობიეროს, ანტივირუსული მკურნალობა, რომელიც ძალიან მალე მიწვდომადი გახდება, არ ნიშნავს, რომ ღვიძლი მყისიერად გაჯანსაღდება. იმ საბაზო წესების დაცვა, რაც არის ალკოჰოლისაგან სრულად თავის არიდება და გარკვეული კვებითი რეკომენდაციები, სავალდებულოა დასაცავად, როგორც დღეს, სანამ მკურნალობას დაიწყებენ, ასევე მკურნალობის პერიოდში და შემდგომშიც. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოცემულობა, რომ იმით არ დაიმედდნენ, რადგან მედიკამენტი გახდება მიწვდომადი, საერთოდ აიღონ ხელი რეჟიმზე, ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
დღევანდელ პრესკონფერნციაზე დაავადების მართვის საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა “C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა. მისი თქმით, მოხარულია, რომ მალე ხელი მოეწერება ჰეპატიტის ელიმინაციის ისეთ პროგრამას, რომლის ფარგლებში, აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობის შესაძლებლობა ექნება. ჰეპატიტთან ბრძოლა, ყველამ ვისაც ეს დაავადება აქვს ახლავე უნდა დაიწყოს. რეჟიმის პირველი ეტაპი ყველანაირ ალკოჰოლზე უარის თქმაა.
“არჩევანი ძალიან მარტივია, ჩვენ ვახდენთ C ჰეპატიტის ელიმინაციას, ყველა ერთად. ყველას გვაქვს პასუხისმგებლობის წილი, მათ შორის პაციენტს და პაციენტის ოჯახის წევრებს. ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება გააკეთონ, უარი თქვან ყველანაირ ალკოჰოლზე. თუ მათ ოჯახის წევრს აქვს C ჰეპატიტი არ დალიონ მასთან ერთად. თუ ვერ ამბობენ, ამაზე უარს, C ჰეპატიტი მოახდენს პაციენტის ელიმინაციას, ვიდრე მისთვის ხელმისაწვდომი იქნება მკურნალობა. ეს არის ძალიან ვერაგი დაავადება. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. 7 წლის განმავლობაში რომ არ დამეცვა რეჟიმი, დღეს თქვენთან ერთად აქ არ ვიქნებოდი”, – აღნიშნა ირაკლი იმნაიშვილმა.
C ჰეპატიტიტის ელიმინაციის პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი 21 აპრილს მოეწერება. პირველი მსხვილი პარტია, 5 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზა საქართველოში ხელშეკრულების ხელმოწერიდან უახლოესი დღეების განმავლობაში შემოვა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – ტომესენმა რამდენიმე საიდუმლო გაგვიზიარა, როგორ შეიძლება არ იყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიიღო სარგებელი
შემდეგი სტატიაიალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით საავტომობილო გზა დაიკეტა