სახელმწიფო სტრუქტურებმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ხარჯები შეიმცირეს და აღნიშნული თანხების აკუმულირება მთავრობის ფონდში მოხდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, მერიას შეეძლება, უშუალოდ სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მობილიზებული თანხების მიმართვა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა აღნიშნა, სულ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მობილიზებული რესურსი შეადგენს 24 მილიონ ლარს, 700 000 დოლარს და 13 000 ევროს, თუმცა აქედან შემოწირულობის სახით მიღებულია 9 მილიონი ლარი, დანარჩენი კი სახელმწიფო ორგანიზაციებიდან ან ფონდებიდან მობილიზებულ რესურსს წარმოადგენს.
“13-14 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოტანილ იქნა განკარგულების პროექტი, რომლითაც იმ უწყებებს, რომელთაც ასეთი სურვილი გამოთქვეს, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით აკლდებათ თანხები. ეს თანხები მიიმართება მთავრობის სარეზერვო ფონდში, ხოლო მერიის მომართვის შემდეგ, სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა მერიას კონკრეტული მიზნობრიობით”, – განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.