ავარიისას დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი, მომხდარში საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს

16 წლის გიორგი კოზმანაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

როგორც გარდაცვლილის პაპა გურამ კოზმანაშვილი აცხადებს, ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როცა საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლით მოძრავ კოზმანაშვილს დაედევნა. მისივე თქმით, მძღოლის დევნა თელავიდან დაიწყო და იმდენხანს გაგრძელდა, რომ სოფლის შესასვლელში ახალგაზრდამ ორიენტაცია დაკარგა და ტრაქტორს შეეჯახა.

ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავებმა დანაშაულის დასაფარად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე მიატოვეს. კოზმანაშვილი საავადმყოფოში სასაწრაფომ გადაიყვანა, სადაც იგი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

დამნაშავეების დასჯას გარდაცვლილის თანასოფლელებიც ითხოვენ, რომლებმაც პროტესტის ნიშნად გზაც გადაკეტეს.

თუ დამნაშავეები დროულად არ დაისჯებიან, ოჯახი შურისძიებას არ გამორიცხავს. ისინი ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული მასალის ნაწილსაც ასაჯაროებენ, სადაც ჩანს, რომ პოლიცია მოტოციკლს მისდევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით განცხადების გაკეთება მოგვიანებით იგეგმება. მანამდე კი უწყება პატრულის ბრალეულობას არ ადასტურებს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ შალაურში 28 ივნისს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილსა და უჩა ნანუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიათბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრავი შემადგენლობის რაოდენობა გაიზარდა