აბულაძეს შეგნებულად წარმოაჩენენ მონსტრად, მაშინ როცა ბრალდებას არანაირი არგუმენტები არა აქვს მის წინააღმდეგ-მამაუკა ნოზაძე

282nozadze mamukaორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ პოლიციის შესახებ კანონი ისედაც მკაცრია და მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობენ მის კიდევ უფრო გამკაცრებაზე.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ აბულაძეს შეგნებულად წარმოაჩენენ მონსტრად, მაშინ როცა ბრალდებას არანაირი არგუმენტები არა აქვს მის წინააღმდეგ.

მამუკა ნოზაძე, რომელსაც გამოცემა „ფოსტალიონი“ ესაუბრა, მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 2012 წელს გამოსული ამნისტია, რომელმაც მას სასჯელი გაუნახევრა, სწორად შეეხო და აბულაძის დადებით თვისებებზე და საქმიანობის დეტალებზე საუბრობს:

„2012 წელს ამნისტიის შესახებ კანონი მიიღეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ კი, სწორად შეუფარდა მას ამნისტია და გაუნახევრა სასჯელი. აბულაძე იყო ბიზნესმენი.

მას ჰქონდა სასტუმროები, აქირავებდა ფართებს და ფინანსურად შეძლებული იყო, ამიტომ ციხეში ყოფნის დროს შექმნა პატიმართა დახმარების ფონდი, საიდანაც მათ ფინანსურად ეხმარებოდა, ანგარიშზე ურიცხავდა ფულს მედიკამენტებისა და სურსათის შესაძენად.

გარდა ამისა, თანხებს აძლევდა საკუთარ პედაგოგებს და ბორჯომში ატარებდა ლიტერატურულ კონკურსებს. გამარჯვებულ, წარჩინებულ 10 მოსწავლეს 1 წლის სტიპენდიას აძლევდა და ა. შ. ამას აკეთებდა აბულაძე ციხიდან, საკუთარი ოჯახის დახმარებით.

თავადაც წერდა წიგნებს და გამოსცემდა კიდევაც, ამიტომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სარგებლობდა კარგი რეპუტაციით. ასე, რომ სიცრუეა, როცა ამ ადამიანს მონსტრად წარმოსახავენ. ირაკლი სესიაშვილმა მას ბრეივიკი უწოდა და ასეთი რამ როგორ შეიძლება?“, – კითხულობს ადვოკატი.

მამუკა ნოზაძის თქმით, ის, რასაც სააკაშვილი „ნულოვანი ტოლერანტობის“ დროშის ქვეშ გულისხმობდა, დღესაც აქტუალურია და ირაკლი ღარიბაშვილის პირით გაჟღერდა. ამის საფუძველზე ადვოკატი აცხადებს, რომ ქვეყანას ისევ პოლიცია და პროკურატურა მართავს:

„ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს მსოფლიოში არის აპრობირებული. ციხიდან გათავისუფლების მერე ვიღაცა დანაშაულს თუ ჩაიდენს, ამის გამო არავინ უნდა გავათავისუფლოთ? არიან პატიმრები რომლებსაც ამნისტია არ შეხებიათ, სასჯელი ბოლომდე მოიხადეს, მაგრამ მერე კიდევ ჩაიდინეს დანაშაული და ამნისტია რა შუაშია?“;

„პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში გაიჟღერა სიტყვა ლიკვიდაციამ. მან თქვა, ის ან ციხეში უნდა იყოს და ან ერთ ადგილზეო. ერთი ადგილი არის სასაფლაო. არცერთ სამართლებრივ ქვეყანაში, ქვეყნის პირველი პირები, მსგავს რამეს არ განაცხადებენ. სტატისტიკურად პოლიციელების მიერ მოკლული ადამიანები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მოკლული პოლიციელები და მათ კანონი რომ არ იცავდეს, ასე ვერ იქნებოდა.

ხშირია პოლიციელების ყაჩაღობის ფაქტები, რაზედაც განაჩენებია გამოსული და ახლა რაიმე სენსაციურს არ ვლაპარაკობ. ფაქტობრივად ქვეყანას ისევ პოლიცია და პროკურატურა მართავს და ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოების საწინააღმდეგოდ. ამ სცენარით დაიწყო ნაცმოძრაობამაც ძალადობრივი რეჟიმის დაყარება და როგორც ჩანს, ახლაც იქით მივდივართ.“, – მიიჩნევს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე:- არანაირი კომპრომისი დანაშაულთან და დამნაშავეებთან!