არჩილ თალაკვაძე:- არანაირი კომპრომისი დანაშაულთან და დამნაშავეებთან!

თალაკვაძე: შსს-ს პოლიტიკაა - არანაირი კომპრომისი დანაშაულთან და დამნაშავეებთან!

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკაა – “არანაირი კომპრომისი დანაშაულთან და დამნაშავეებთან!”. გადაცემა არჩევანში წამყვანმა თალაკვაძეს პრემიერმინისტრის გუშინდელი განცხადება შეახსენა, სადაც ის ამბობდა, რომ პოლიციელს გასროლა ვერცერთმა კრიმინალმა უნდა დაასწროს. წამყვანი დაინტერესდა, ნიშნავდა თუ არა ეს “ნულოვან ტოლერანტობას” დამნაშავის მიმართ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა არის – “არანაირი კომპრომისი დანაშაულთან და დამნაშავეებთან!” რაც შეეხება აბულაძის შემთხვევას – ბატონმა პრემიერმა რაც ბრძანა, ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას. განსაზღვრულია, რომ როდესაც ადგილი აქვს პოლიციელის მიმართ გასროლას შესაძლო დამნაშავის მხრიდან, პოლიციას აქვს უფლება, საპასუხო ცეცხლი გამოიყენოს. და ეს საპასუხო ძალა უნდა იყოს პროპორციული და ადეკვატური. იქნება თუ არა საჭირო აბულაძის დაკავებისას ასეთი ტიპის ინტერვენცია, დაგვანახებს ის მომენტი, როდესაც დამნაშავესთან პოლიციელების კიდევ ერთი შეხვედრა მოხდება და მას დააკავებენ”,- თქვა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს შეიარაღებულმა პირმა პოლიციელები ბექა მარგიშვილი და ვალერიან გრძელიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. როგორც პროკურატურა იუწყება, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და დადგენილია თავდამსხმელი პირის ვინაობა. ის 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე, შალვა აბულაძე შეამჩნიეს თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცველების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან აბულაძე შეიარაღებულია; ასევე საზოგადოებას მიმართავს, თუ აქვთ ინფორმაცია აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ უწყებას ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

banner
წინა სტატიაშიაბულაძეს შეგნებულად წარმოაჩენენ მონსტრად, მაშინ როცა ბრალდებას არანაირი არგუმენტები არა აქვს მის წინააღმდეგ-მამაუკა ნოზაძე
შემდეგი სტატიამედიაკავშირი „ობიექტივი” განცხადებას ავრცელებს