ზურაბიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტს აფრთხილებს „იმ რისკების შესახებ, რომლებსაც კანონის ახალი რედაქცია შეიცავს“.

„რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს, რომლის ცვლილებებსაც აგრეთვე მოვაწერე დღეს ხელი, უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ“, – აცხადებს პრეზიდენტი.

წინა სტატიაშიპრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გუქმების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის