ზურაბ პატარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ელჩის შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

შეხვედრაზე, ილჰამ ალიევი მიესალმა ახალ ელჩს, მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ, მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იგი, ასევე, შეეხო ორი მეზობელი ქვეყნის საერთო პრობლემას – ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ამ კონტექსტში, მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ურთიერთმხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მხარეებმა ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი. პრეზიდენტმა იმედი გამოხატა, რომ წარმატებით ამოქმედდება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი, რაც გაზრდის ტვირთბრუნვასა და ტურისტულ ნაკადებს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა, ამ თვალსაზრისით, სამაგალითოდ იქნა მიჩნეული მჭიდრო თანამშრომლობა ნახიჭევანისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის.

თავის მხრივ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის. ზურაბ პატარაძის განცხადებით, აზერბაიჯანში დიპლომატიური მისიით მოღვაწეობის პერიოდში, იგი არ დაიშურებს ძალისხმევას ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების, აგრეთვე ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის.

banner
წინა სტატიაში,,შავი ზღვის უნივერსიტეტმა სააპელაციო კომისიას უნდა მიმართოს”
შემდეგი სტატია100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი ელექტროენერგიას მიიღებს