100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი ელექტროენერგიას მიიღებს

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი ელექტროენერგიას მიიღებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მიიღო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისებას ამ რეგიონში

„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ განხორციელდეს ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი ტურიზმის განვითარების მიმართულებით და რა თქმა უნდა, ინტერნეტიზაცია დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ მოვახდინოთ ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისება ამ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია თვისობრივად გარდატეხას შეიტანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში და ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ კუთხეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ასევე მაღალმთიან სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება პირველადი დახმარების მიმართულებით.

„ეს ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, პირველადი დახმარება გაუწიონ თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე. მოგეხსენებათ, აქამდე ეს პრობლემა მწვავედ იდგა და ხშირად ვერ ხერხდებოდა სამედიცინო დახმარების დროული გაწევა. პროგრამის ამოქმედებით პირველადი დახმარების გაწევა აღარ იქნება პრობლემა, რაც არამარტო იქ მცხოვრებთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ასევე 100-ზე მეტი უშუქო სოფლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით მოხდება მზის პანელებითა და, შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტი სოფლის უზრუნველყოფა. საუბარია 400-მდე ოჯახზე, რომელსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებოდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ პატარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს
შემდეგი სტატიაგორში 50 ჰექტრამდე ფართობზე ხმელი ბალახი იწვის