ზაზა ბიბილაშვილი: სააკაშვილის მუხტია აუცილებელი ივანიშვილის დასამარცხებლად და მოღალატეებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად

ნაციონალურ მორაობაში მიმდინარე პროცესებზე საჯაროდ საუბარს აღარ ვაპირებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, დისკუსია არ წყდება–წერს ზაზა ბაბილაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.


ამ დისკუსიის მიზანი მიხეილ სააკაშვილის გადარწმუნება ვერ იქნება – სააკაშვილი საკმარისად გამოცდილი პოლიტიკოსია იმისთვის, რომ თავად გამოიტანოს დასკვნები პროცესებიდან, რომელთა უშუალო მონაწილეა და ქმედებებიდან, რომელთა შინაარსი და მიზანი არც ისე რთული დასანახია.
ამ დისკუსიის ადრესატი გარე აუდიტორიაა (მათ შორის, პირველ რიგში, 20 იანვრის ყრილობის დელეგატები), რომელსაც არწმუნებენ, რომ თითქოს სააკაშვილს არავინ ერჩის და რომ მან უბრალოდ „არასწორი“ მხარე აირჩია ბანალურ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში, რადგან უტვინოებმა და უპერსპექტივოებმა მიამიტ და რეალობას მოწყვეტილ ყოფილ პრეზიდენტს ტვინი აუმღვრიეს.
გარე აუდიტორიისთვისვე მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება:
1. ეს არ არის „შიდაპარტიული დაპირისპირება“ ან „წვრილმანი პარტიული კინკლაობა“, რომელშიც სააკაშვილმა მხარე აირჩია. ეს არის მცირე ჯგუფის მიერ სააკაშვილის „გაწევის“ – პირდაპირ ვთქვათ, სააკაშვილისთვის პარტიის „დახევის“ – კარგად დაგეგმილი მცდელობა, რომელიც ჩავარდა. ამ დაპირისპირებაში სააკაშვილი იმთავითვე მხარეა და არა არბიტრი.
2. შეგნებულად დანერგილი მითია, რომ სააკაშვილის თანამებრძოლები მას ყოველთვის ეთანხმებიან. რეალობა ისაა, რომ სააკაშვილსა და მის თანამებრძლების შორის მუდმივად იმართება წარსული ანგარიშებით დაუმძიმებელი, სუბიექტური დღის წესრიგისგან თავისუფალი დისკუსია ყველა მნიშნელოვან საკითხზე და ამგვარი დისკუსიები მიმდინარეობს ღია, არაკონფრონტაციულ რეჟიმში, რაც თვისებრივად განსხვავდება პარტიის მართვის ამჟამინდელი სტილისგან.
3. ბანალურია იმაზე საუბარი, რომ ლიდერი ყოველთვის მართალი არ არის. მაგრამ ლიდერი არც ყოველთვის მტყუანია – რისი დამტკიცებაც, თითქოს, ერთ-ორი ახირებულის იდეა-ფიქსად იქცა.
4. ყველა აღიარებს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი წესდების მიხედვით პრაქტიკულად უფუნქციოა. ამ ფონზე, კიდევ უფრო გაუგებარია, თუ რატომაა ასეთი პრინციპული რამდენიმე ადამიანისთვის ამ სიმბოლური მნიშვნელობის მქონე საკითხის ნებისმიერ ფასად „გატანა“.
5. საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს დაპირისპირება, რომელიც მას არ დაუწყია. კეთილი, მაგრამ როგორ? თქვას, რომ პარტიას ნებაყოფლობით უთმობს იმას, ვინც მისი საჩვენებელი „გადაყენება“ და პარტიის უზურპაცია დაგეგმა?
6. გვარწმუნებენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური კაპიტალი კი არა, ტვირთია, რომელიც ხელს გვიშლის და რომ მასთან დისტანცირებით პარტია შეძლებს დამატებითი ხმების მიღებას და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას.
ეს პოზიცია რომ კეთილსინდისიერი ყოფილიყო, არჩევნებამდე გაჟღერდებოდა. ეს პოზიცია რომ სერიოზული იყოს, უაღრესად დიდი მიამიტობა იქნებოდა.
რეალურად, სააკაშვილის გაწევით პარტია გარანტირებულად დაკარგავს თავის საბაზისო ამომრჩეველს, ხოლო ახალ ამომრჩეველს ან მოიპოვებს, ან – ვერ (იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სააკაშვილის გაწევის ორგანიზატორები ეურთიერთებიან ადამიანებს – გარანტირებულად ვერ).
7. სააკაშვილი უზარმაზარი ემოციური მუხტის მატარებელი პოლიტიკოსია. სწორედ ეს მუხტია აუცილებელი ივანიშვილის დასამარცხებლად და მოღალატეებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. სწორედ ეს მუხტია ის, რაც დღეს ყველაზე მეტად აკლია ნაციონალურ მოძრაობას.
საბედნიეროდ, პარტიაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ხალხი – და, განსაკუთრებით, რეპრესიებსა და ბრძოლებში გამობრძმედილი ჩვენი ამომრჩეველი – მართლაც ბრძენია–წერს ზაზა ბიბილაშვილი

banner
წინა სტატიაშიბერლინის ტერაქტზე პოლიცია ტუნისის მოქალაქეს ეძებს
შემდეგი სტატიაBild-მა ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა