რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ პუტინმა არჩევნების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ მე უკვე ვთქვი და ყველასთვის ნათელია, რომ კონფლიქტი რუსეთსა და ნატო-ს შორის მესამე მსოფლიო ომამდე ერთი ნაბიჯით იქნება დაშორებული. არ ვფიქრობ, რომ ვინმე ამით დაინტერესებულია. ნატო-ს სამხედროები უკრაინაში არიან წარმოდგენილები. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ გვესმის ფრანგული და ინგლისური საუბარი იქ. არაფერი კარგი ამაში არ არის. პირველ რიგში, მათთვის, რადგან მათ კლავენ დიდი რაოდენობით. მაგრამ, დღის ბოლოს, ეს ჩვენი არჩევანი არ არის. მე ვისურვებდი, რომ საფრანგეთმა არ შეასრულოს ის როლი, რაც უფრო ამძაფრებს და აღრმავებს კონფლიქტს, არამედ პირიქით, მოძებნოს გზა მშვიდობიანი გამოსავლებისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ალექსეი ნავალნიზეც ისაუბრა. მისი თქმით, კოლეგების მხრიდან იყო შეთავაზება ნავალნის რუს პატიმარში გაცვლის შესახებ, რისი მომხრეც იყო.
პუტინის თქმით, მსგავსი შეთანხმება მხოლოდ იმ პირობით შედგებოდა, თუ ნავალნი არასდროს დაბრუნდებოდა რუსეთში. რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის სანაცვლოდ გაუშვებდა ნავალნის, თუმცა განაცხადა, რომ გაცვლა მოხდებოდა იმ ადამიანებში, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში გისოსებს მიღმა იმყოფებიან.
„მაგრამ როდესაც მსგავსი რაღაცები ხდება, შენ არ შეგიძლია რამის გაკეთება, ესაა ცხოვრება“, – განაცხადა პუტინმა.
მანამდე ნავალნის მოკავშირე მარია პევჩიხმა „იუთუბზე“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ განიხილებოდა ნავალნისა და აშშ-ის ორი მოქალაქის გაცვლა ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული „ფეესბეს“ ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის სანაცვლოდ. მაშინ კრემლის პრესსპიკერმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ მსგავსი შეთანხმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ პროტესტის შესახებ, რაზეც განაცხადა, რომ ამას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. როგორც პუტინი აღნიშნავს, ეს პროტესტი პირიქით, დაეხმარა მისი საქმის გაკეთებაში, რადგან მოქალაქეებს მოუწოდეს ხმის მისაცემად მისვლისა და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ.
„მნიშვნელობა არ აქვს, ვის მისცეს ხმა, ეს კარგი იყო, თუმცა როგორც მე მესმის, ამას შედეგებზე არანაირი გავლენა არ ჰქონია“, – თქვა პუტინმა.
ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ეს დემოკრატიაა, პუტინმა უპასუხა: „ეს ცხოვრებაა“.