ვერ წარმომიდგენია ჩვენი გუნდი თეა წულუკიანის გარეშე

თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი წარმატებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, არსებობდა ერთ-ერთი ინიციატივა, საკითხი, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა.

„ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, ვალდებულებაც არის, მოვახდინო საკითხის შეჯერება და შესაბამისად, გადაწყვეტილები მიღება. საკითხი არის შეჯერებული, აზრთა თანხვედრა არის ამ კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო, რომელიც ემყარებოდა ფასეულობებს, პრინციპებს და იმ იდეოლოგიას, რომელიც უნდა გაეტარებინა ხელისუფლებას.

„აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველა უნდა დარჩეს ამ პრინციპების ერთგულად, თუ არ დარჩება – ასეთი ადამიანების ადგილი ხელისუფლებაში ვერ იქნება“, – განაცხადა ბახტაძემ.

კითხვაზე, თეა წულუკიანს არ ეძლევა ციხეების მართვის საშუალება და მისი უკმაყოფილებაც ამას უკავშირდებოდა, მამუკა ბახტაძე აცხადებს: „ეს ტერმონოლოგია არ შეესაბამება მართვის სტილს, რომელიც მე მაქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ულტიმატუმს არავინ აყენებს. საკითხი ეხებოდა პროფესიულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას, მოხდა საკითხზე პოზიციების შეჯერება, გავითვალისწინეთ საუკეთესო პრაქტიკა და ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება ამ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ყველა ინიციატივის გარშემო იმართება ცხარე დისკუსია და კამათი.

„თქვენ თუ გაქვთ იმის ილუზია, რომ ჩვენ ისე ვიხილავთ ინიციატივებს, რომ მის გარშემო არ ხდება დისკუსია, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არ არის. ძალიან ცხარე დისკუსიების შედეგია რითაც ჩვენ წარვდგებით ხოლმე საზოგადოების წინაშე და ეს არის ნორმალური და ეს არის ის მართვის პრინციპი რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, თეა წულუკიანი არის ღირსეული ადამიანი და ყველა რეფორმაში მისი წვლილი არის ძალიან დიდი.

„თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია. თეა არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მინდა გითხრათ, რომ მისი შენატანი ყველა იმ რეფორმაში, რომელიც განვახორციელეთ და რომელმაც მოგვცა საშუალება, გვქონოდა ის პროგრესი, რაც ჩვენ გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, მისი წვლილი არის ძალიან დიდი და ამას გეუბნებით გულწრფელად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის მიერ ქობულეთში ორი პირის დაკავებას ახლობლები გაუგებრობად მიიჩნევენ
შემდეგი სტატია„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა