ვაშაძე – თუ შეთანხმება არ შედგა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას“ დაიწყებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ მარტის ბოლომდე ხელისუფლებასთან შეთანხმება არ შედგება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას“ დაიწყებს.

ვაშაძის თქმით, „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობა საპროტესტო აქციებს, ხალხის გამოღვიძების პროცესს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან სხვადასხვა აქტივობებს და ბევრ არასტანდარტულ ქმედებას გულისხმობს“.

მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე და განაცხადა, რომ აღნიშნული დებატებიდან ორი გზავნილი გამოიკვეთა.

„ჩვენ გუშინ ევროპარლამენტში ვიხილეთ საქართველოსთან დაკავშირებით დებატები, სადაც ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. პირველი არის ის, რომ ცალსახად, ყველა ერთხმად უჭერს მხარს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მეორე – გამოიკვეთა, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგებიც სწორედ რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევენ კრიზისიდან გამოსავლის მთავად გზად.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე”, რომელიც წელავს მოლაპარაკებებს და ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ხვალ -ზეგ გვითხრას, რაღაც რეფორმები ვერ ესწრებაო და უნდა კიდევ რაღაც მოიქმედოს, რომ ეს პროცესი შეთანხმებამდე არ მივიდეს. მე მათ ვაფრთხილებ, „სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით, თუ ისინი ჩაშლიან მოლაპარაკებებს, ჩვენ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ.

20 მარტამდე შეჩერებულია ყველა პროტესტი იმისათვის, რომ “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ შესაძლებლობა, ხელზე დაიხვიოს რამე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს, მაგრამ თუ მოლაპარაკებები არ შედგა მაქსიმუმ მარტის ბოლომდე, ჩვენ ხშირად გვქონდა ხოლმე კომპრომისული პოზიციები, მაგრამ ახლა ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში. ამის გამოცდილება გვაქვს, ამისთვის მზაობაც გვაქვს. თუ ეს იქნება ერთადერთი გზა, რომ ვაიძულოთ “ქართული ოცნება” მიიღოს რეალური გადაწყვეტილებები და ხალხს გასცეს პასუხი და სათამაშოდ არ აქციის ეს ქვეყანა, ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩება და წავალთ ტოტალურ წინააღმდეგობის მოძრაობაში, რაც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში მოქმედებას ითვალისწინებს, მაგრამ ასევე, ითვალისწინებსწინებს ძალიან ფართო სპექტრს, იმ სამოქმედო არეალისა, რომელიც ჩვენ გვექნება”, – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა დაუსრულებლად გაურკვევლობაში ვერ იქნება.

„ეს დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. ასე გაურკვევლობაში ქვეყანა ვერ იქნება. ასე ერთი და იგივეზე საუბარში ვერ ვიქნებით. ხალხს მობეზრდა, საზოგადოებას მოვაბეზრეთ უკვე თავი. სახელმწიფოა ბოლოს და ბოლოს, ხალხის ბედია ამაზე დამოკიდებული და არ არის სათამაშო. ცალსახად ვამბობ, მარტის ბოლომდე ან არის შეთანხმება, ან თუ არ არის, უნდა დავასრულოთ ეს ყველაფერი და წავიდეთ ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობაში”, – განაცხადა ვაშაძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა – პარლამენტში ვისთვის და რისთვის წერთ კანონებს?
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა