ვაშაძე – ყველამ თავისი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა და საერთო პოზიციები შევაჯერეთ

ჩვენი მოლოდინია, რომ დიპლომატიურ კორპუსს, ალბათ ხვალ შევხვდებით და ამ განახლებულ პოზიციებს აუცილებლად ვამცნობთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რა ცვლილება განიცადა ოპოზიციის მოთხოვნებმა მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც საბოლოო დოკუმენტი შეჯერდება და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდებიან.

„დღეს ძალიან სერიოზული, კარგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა, სადაც ოპოზიციამ ერთიანობა შევინარჩუნეთ და საერთო პოზიციაზე ვდგავართ. ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული, დეტალებში ვერ შევალ. დღეს, დღის ბოლომდე ჩამოყალიბდება ეს საკითხები და ჩვენი მოლოდინია, რომ შევხვდებით დიპლომატიურ კორპუსს, ალბათ, ხვალ და ამ განახლებულ პოზიციებს აუცილებლად ვამცნობთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ოპოზიციამ ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ადეკვატურად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარება და გარკვეული ინფორმაციები რაც იყო დიპლომატების მიერ მოწოდებული, იმაზე დაყრდნობით ჩვენ ახალ კონსტრუქციას წარვადგენთ.

არაფერი გამოგვიკლია მოთხოვნებისთვის, რა მივამატეთ და რა ფორმაცია აქვს მოთხოვნებს, საბოლოო დოკუმენტი რომ შეჯერდება, ამის შემდეგ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ. ვიკამათეთ სტრატეგიაზეც, საკითხებზეც, რა უფრო მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა და საერთო პოზიციები შევაჯერეთ, როგორც კი დიპლომატებთან გვექნება კომუნიკაცია საერთო შეჯერებული პოზიციით – ჩვენ მათთანაც გვაქვს გარკვეული ვალდებულებები აღებული, ჩვენი პოზიცია ამის შემდეგ საჯარო გახდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშისავაჭრო ცენტრების და ბრენდული რითეილერების ერთობლივი მიმართვა
შემდეგი სტატიაელისაშვილი: მზად ვართ მესამე რაუნდისთვის