,,მე ვარ შოკში მას შემდეგ, რაც მოვისმინე მთავრობის ინიციატივები”-რომან გოცირიძე

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

მთავრობის ეკონომიკური გეგმა, ეს იყო ფაქტობრივად ქვეყნის საბაზრო, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკიდან გადახვევა ადმინისტრაციულად მართვადი ეკონომიკისაკენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, მთავრობის ეკონომიკური ინიციატივების მოსმენის შემდეგ შოკშია.

მისივე თქმით, პარლამენტში, როდესაც მთავრობის საკითხი განიხილებოდა მთავრობის წევრებს არ უთქვამთ, რომ ონლაინ სესხებს აუქმებდნენ.

„მე ვარ შოკში მას შემდეგ, რაც მოვისმინე მთავრობის ინიციატივები. რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, მთავრობას ორი დღით ადრე არ უთქვამს ამ დარბაზში. ფაქტობრივად, მთავრობამ მოატყუა ხალხი, მოგვატყუა ჩვენ და მოატყუა უმრავლესობა. აქ არც ერთი სიტყვით არ იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე აპირებენ გადასახადების მომატებას, რომ სულ მალე მოიმატებს გადასახადები ავტომობილების იმპორტზე, მოიმატებს გადასახადები აქციზზე, გაძვირდება საწვავი, რასაც მოყვება გაძვირება ფაქტობრივად ყველა სახის საქონლისა, რაც კი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია სწორედ საწვავის ფასებთან. მთავრობას არ უთქვამს, რომ დაუწესებდა ადამიანებს სესხის აღებას უცხოურ ვალუტაში 100 ათას დოლარამდე, რომ აკრძალავდა საბაზრო მექანიზმებს ფინანსურ სისტემაში და გააუქმებდა ონლაინ სესხების სისტემას. მოგწონს თუ არ მოგვწონს სხვა საკითხია, მაგრამ მყარი საფინანსო სისტემ სწორედ თავისუფალ საბაზრო სისტემის წესებზე არის დამოკიდებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში ყოფნის დროს მთავრობის წევრებს არ უთქვამთ, რომ მოსახლეობის ჯიბიდან აპირებდნენ ვალების გასტუმრებას.

„თურმე იმის გამო, რომ ლარი დასტაბილურდეს, მთავრობა გეგმას 65 მილიონი ლარის დახარჯვას ზოგიერთი კატეგორიის სესხების დოლარიდან ლარში გადასაყვანად. 500 ათას ადამიანს დოლარში აქვს სესხი აღებული. ახლა აპირებენ 30 ათასი კრედიტორისათვის ვითარების შემსუბუქებას. ეს არ არის სწორი, რადგან ლარში გადაყვანისას პროცენტი გაიზრდება და იმ შემთხვევაში, თუ ლარი გამყარდება, მათ უკვე მოუწევთ გაცილებით დიდი საგადასახადო ტვირთის ზიდვა. თუ გგონიათ და აპირებთ, რომ ლარი არ გამყარდეს თუ თქვენ შეეგუეთ იმას, რომ ლარი დარჩება 2.53-ზე ან წავა წინ მაშინ ეს იქნება კატასტროფული ეკონომიკისათვის. საიდან მოგაქვთ 65 მილიონი? ვისი ფულით აპირებთ სესხების გასტუმრებას? გაისტუმრეთ საკუთარი ჯიბიდან. თუ ეს არის ბიუჯეტის ფული, ეს იქნება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, რაც იმოქმედებს შემდგომში ლარის გაუფასურებაზე. თუ თქვენ ამას აიძულებთ ეროვნულ ბანკს, რომელიც თქვენ ფეხქვეშ გაიგდეთ და ყველაფერზე გეთანხმებათ, ეროვნული ბანკი დააფინანსებს ამ ძალიან ავანტურისტულ ოპერაციას, ეს იქნება ემისიური არაუზრუნველყოფილი ფულის გაშვება მიმოქცევაში, რომელიც გამოიწვევს ფასების ზრდას და ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ლარის გამყარების შირმით, მთავრობას პარლამენტის ისეთი საკანონდებლო ინიციატივები შეაქვს, რომელიც ფაქტობრივად ასამარებს საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე „დემოკრატიული პარტიის“ წევრი ხდება