„ვაფართოებთ განათლების მიღების შესაძლებლობებს, ვაფართოებთ არჩევანს მოსწავლეებისთვის და ასევე აბიტურიენტებისთვის“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში UNDP-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „პროფესიული განათლება სკოლებში” – მონაწილეობდა.

როგორც მან აღნიშნა, პროფესიული განათლება სკოლებში სწავლისა და განვითარების დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს.

მისივე თქმით, გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის მთავრობის დახმარებით, 200-ზე მეტი სკოლა არის და ათი ათასამდე მოსწავლე ჩაერთო პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.

„ეს არის სკოლებისა და კოლეჯების ერთობლივი თანამშრომლობის ნებაყოფლობითი ინიციატივა, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ სკოლის ბაზაზე მიიღონ პროფესიული განათლება. პროფესიული განათლების კუთხით, გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის კანონი, რომელიც პარლამენტმა 2018 წლის შემოდგომაზე მიიღო და რომელსაც პრაქტიკულად ახალ ეტაპზე გადაჰყავს პროფესიული განათლება. ვაფართოებთ განათლების მიღების შესაძლებლობებს, ვაფართოებთ არჩევანს მოსწავლეებისთვის და ასევე აბიტურიენტებისთვის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, თუ ადრე კოლეჯის ეტაპზე მთავრდებოდა განათლების მიღების შესაძლებლობები და იყო მნიშვნელოვანი ბარიერები უმაღლესი განათლების ეტაპზე გადასასვლელად, ეს საკანონმდებლო ჩიხი უკვე აღმოფხვრილია.

„2019 წლის გაზაფხულიდან მოსწავლეებს შეეძლებათ, კოლეჯში მიიღონ როგორც პროფესიული განათლება, ასევე, სკოლის საატესტატო პროგრამა დაასრულონ და, სურვილის შემთხვევაში, განაგრძონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ის, რომ ჩვენ წელს შევქმენით თანაბარი შესაძლებლობები როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებისთვის, რაც ჯანსაღი კონკურენციის შექმნის პირობებს იძლევა. მსგავსი პროექტები არის მნიშვნერლოვანი, რათა მოხდეს პროფესიული განათლების შესაძლებლობების სწორი შეფასება და დაინტერესების შემთხვევაში ახალგაზრდებმა მიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“,- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კოვზანაძე – ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალური და ნებისმიერი მესამე მხარისთვის დახურულია
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი – Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციის გასაღებია