ირაკლი კოვზანაძე – ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალური და ნებისმიერი მესამე მხარისთვის დახურულია

ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალური და ნებისმიერი მესამე მხარისთვის დახურულია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და საკომიტეტო მოსმენასთან დაკავშირებით უწყების განცხადება ბანკის გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, მისი დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამ დამოუკიდებლობას პარლამენტი ძალიან უფრთხილდება. საერთოდ, საზედამხედველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და ეს არის დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის. ამ თემას განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეროვნული ბანკი განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, მით უმეტეს, პრობლემა რომელიც არსებობდა „ეროვნულ ბანკსა“ და „თიბისი ბანკს“ შორის ამოწურულია. მათ ამ საკითხზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს და სამართლებრივი დავა „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის შეწყვეტილია“, – განაცხადა კოვზანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის, „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი თავს იკავებს პარლამენტში მოსვლისგან, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის, მოუსმინოს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისთვისაც აპირებდნენ პარლამენტში მოსვლას. წინასწარ შეთანხმებული თარიღის მიხედვით მოვაწყოთ ეს შეხვედრა და მოვუსმინოთ მათ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოხსენება ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი. დღის წესრიგის მიხედვით, მოხსენების პირველი თემა ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებს ეხება, ხოლო მეორე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს.

ამასთან, ეროვნულმა ბანკმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

banner
წინა სტატიაში„თიბისი ბანკში“ ადასტურებენ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხვალინდელ საკომიტეტო მოსმენაზე მისვლას გეგმავენ
შემდეგი სტატია„ვაფართოებთ განათლების მიღების შესაძლებლობებს, ვაფართოებთ არჩევანს მოსწავლეებისთვის და ასევე აბიტურიენტებისთვის“