ვანო ზარდიაშვილი – ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით წარმოებულმა გამოძიებამ ეკა ბესელიას ნიღაბი ჩამოაძრო

ვანო ზარდიაშვილი – ეკა ბესელიას ნოდარ მელაძესთან პირდაპირ დაკავშირებული იყო და უმრავლესობიდან ინფორმაციები გაჰქონდა, სანაცვლოდ კი, ჩვენი გუნდის წევრებზე ნეგატიურ სიუჟეტებს იღებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით წარმოებულმა გამოძიებამ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას ნიღაბი ჩამოაძრო.

როგორც ჟურნალისტებს ზარდიაშვილმა განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა გამოძიების შედეგებს დიდი ხანი ელოდებოდა.

„საზოგადოებას დავპირდით, რომ გამოძიების დაჩქარებას ჩვენც მოვითხოვდით, რასაც ეკა ბესელია სპეკულაციისთვის იყენებდა, თითქოსდა, გამოძიება ჭიანურდებოდა. თუ ვიდეოს ამტვირთავი დადგინდა, იმედი მაქვს, შემკვეთებიც ადვილად დადგინდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკა ბესელია, როგორც სასამართლოს, ასევე კადრების თემას სპეკულაციისთვის იყენებდა. მარტივი ფაქტი დადგინდა. უმრავლესობის ცნობილ სხდომაზე, ეკა ბესელიას ერთ-ერთმა კოლეგამ კორუფციასთან მის კავშირზე კითხვები დაუსვა. ამ ინფორმაციამ არ გაჟონა მაშინ, როცა ყველა ინფორმაცია ჟონავდა. ეს ადასტურებს, რომ ეკა ბესელია ნოდარ მელაძესთან პირდაპირ დაკავშირებული იყო და ინფორმაციები გაჰქონდა, ხოლო სანაცვლოდ ჩვენი გუნდის წევრებზე ნეგატიურ სიუჟეტებს იღებდა. გუნდიდან, ოჯახიდან ინფორმაციის გატანას საზოგადოება აფასებს, როგორც ვირთხის საქციელს. ჩემთვის ეკა ბესელია არის გუნდიდან, ოჯახიდან ინფორმაციის გამტანი. მან იცოდა, რომ უმრავლესობაში დიდი ხანი აღარ დაედგომებოდა, რადგან მმართველი გუნდისთვის მიუღებელია კორუფცია და კორუფციასთან დაკავშირებული ადამიანები. მან ამ საქციელით მოისხა პოლიტიკური მანტია, წამებულის. თითქოს, მან ვინმე ებრძოდა და წონა ან ფორმა გააჩნდა პროცესებთან მიმართებაში. ნათელია, ეკა ბესელიას სახე. მას გამოძიებამ ნიღაბი ჩამოაძრო“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, სომხეთის ციხეში მყოფი პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი კომერციული დავის საკითხში ვერ ჩაერევა – პრეზიდენტის პრეს-სპიკერი “რუსთავი 2”-ის საქმეზე საუბრობს