“უბლოკო სტატუსი აფხაზეთის და სამაჩაბლობს პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გარანტია”

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ის პროცესი, რომელიც მოჰყვება უბლოკო სტატუსის გამოცხადებას, მოაგვარებს ქვეყნის ტერიტორიულ პრობლემებს.

ბურჯანაძის თქმით, უბლოკო სტატუსი ნიშნავს, რომ საქართველომ და რუსეთმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკება და უნდა მოიძებნოს ის შემხები წერტილები, სადაც რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

“დარწმუნებული ვარ, უბლოკო სტატუსი არის საქართველოს გამთლიანების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გარანტი და ასევე, ეკონომიკური წარმატების საფუძველიც. ის პროცესი, რომელიც მოჰყვება უბლოკო სტატუსის გამოცხადებას, მოაგვარებს ამ პრობლემას. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ რუსეთთან.

უბლოკო სტატუსი ნიშნავს იმას, რომ საქართველომ და რუსეთმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკება და უნდა მოიძებნოს ის წერტილები, სადაც რუსეთის და საქართველოს ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. ეს არის უპირველესად მშვიდობა კავკასიაში. რუსეთმა კარგად იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო რუსეთისთვის და იმ შეცვლილ გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ვითარებაში, რომელიც არის ქვეყანაში დღეს, საქართველოს შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ჩვენ შეგვიძლია ისეთი პოლიტიკა წარვმართოთ, რომ საქართველო იყოს არა დაპირისპირების პოლიგონი, არამედ საქართველო იყოს ის ადგილი, რომელიც გახდება სტრატეგიული თანამშრომლობის სივრცე”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას ქვეყნის უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, მოქალაქეების პოზიცია აინტერესებს და არა პოლიტიკოსების.

“მე მაინტერესებს, რა ფიქრობს ხალხი. სწორედ ამიტომ იყო ჩემი ინიციატივა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, რომ შეგვეგროვებინა 200 ათასი ხელმოწერა. ეს ერთის მხრივ, მოგცემდა შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა მოსახლეობის განწყობა, თუმცა ძალიან კარგად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს ამ ინიციატივას მხარს”, – აღნიშნა ბურჯანაძემ “მაეტროს” ეთერში.

banner
წინა სტატიაში13 ივნისის სტიქიისას დატბორილ ქარხანას მთავრობა ფართს გადასცემს
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა