წალენჯიხაში „დემოკრატიის ჰაბი“ გაიხსნება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროგრამის ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

EECMD წალენჯიხაში ახალ ოფისს – “დემოკრატიის ჰაბს” უახლოეს მომავალში გახსნის და პირველ ეტაპზე შემდეგი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: პოლიტიკური განათლების პროგრამები; საზოგადოებისა და თვითმმართველობის თანამშრომლობის, თვითმმართველობის ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; ანტიდემოკრატიული პროპაგანდისა და ტენდენციების საწინააღმდეგო სამოქალაქო სამოქმედო გეგმების შექმნა და განხორციელება.

გია ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ის იმედოვნებს, რომ წალენჯიხა სამაგალითო გახდება.

“ჩემი მიზანია, თვითმმართველობა გავხადო დამოუკიდებელი და ძლიერი. მე ხალხმა მომცა ძალაუფლება და ეს ძალაუფლება მინდა უკან დავუბრუნო მათ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ წალენჯიხა გახდეს სამაგალითო: ცვლილებების, პროგრესისა და დემოკრატიის”, – აღნიშნა გია ხარჩილავამ.

EECMD თავის მხრივ იმედს გამოთქვამს, რომ მათი გამოცდილება წალენჯიხას წაადგება.

“ჩვენს ორგანიზაციას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს პოლიტიკური განათლების, პოლიტიკური დიალოგის, ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასა და მის ტენდენციებთან ბრძოლის სფეროში. იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილება და საქმიანობა საინტერესო და სასარგებლო იქნება. “დემოკრატიის ჰაბი” იქნება სივრცე, სადაც ექსპერტებთან ერთად მოეწყობა შეხვედრები დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა EECMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მაია მაჭავარიანი – პროგრამების მთავარი კოორდინატორი; სალომე მუხურაძე – პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის უფროსი ოფიცერი; ნინო ხითარიშვილი – დემოკრატიის განათლების პროგრამის უფროსი ოფიცერი; ირინე კურტანიძე – კომუნიკაციების ოფიცერი.

პროგრამის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს თავიანთი პროგრამების შესახებ და მათ ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

banner
წინა სტატიაშისუს-თან დაკავებულ 20-მდე პირს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, 3-ს 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიააშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები კონგრესს ღია წერილით მიმართავენ