ტყვეობის 25-ე დღე – ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე ოკუპირებული ახალგორის ე.წ სასამართლოს გადაეცა

25 დღიანი ტყვეობის შემდეგ, წინასწარ პატიმრობაში მყოფი მედიკოსის საქმე ოკუპირებული ახალგორის ე.წ სასამართლოს გადაეცა. მუხლი, რომლითაც ვაჟა გაფრინდაშვილს საკუთარ ქვეყანაში უკანონოდ გავლებული საზღვრის კვეთას ედავებიან, სამიდან ერთ-ერთ სასჯელს ითვალისწინებს: 2 წლიან პატიმრობას, 2 წლიან იძულებით შრომას ან ფინანსურ ჯარიმას. ვაჟა ექიმის მეუღლე იმედოვნებს, რომ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სასამართლო სწორედ ფულად ჯარიმაზე შეჩერდება და ექიმი ოჯახს დროულად დაუბრუნდება.

დე ფაქტო კანონმდებლობით, ე.წ. სასამართლო სხდომა მასალების გადაცემიდან 14 დღის ვადაში უნდა ჩაინიშნოს. ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგებიც, ოჯახის წევრების მსგავსად ფიქრობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში კონტროლის განმახორციელებლები ამჯერად ჰუმანურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ე.წ. სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან ცენტრალურ ხელისუფლებაშიც, სადაც დღეს იმედი გამოითქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს სწორედ პროცესის დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ. საკითხზე მინიშნება გაკეთდა პრაღის შეხვედრებზეც, სადაც გრიგორი კარასინმა ვადად უახლოესი დღეები დაასახელა.

ვიდრე ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ექიმის დასახსნელად ყველა საერთაშორისო ბერკეტია ამუშავებული, ოპოზიციის ნაწილი ბერკეტების არაეფექტურ გამოყენებაზე, ნაწილი კი მათ საერთოდ არქონაზე საუბრობს.

ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ედავება, კერძოდ 322-ე მუხლით, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. ე.წ. საზღვრის, რომელსაც მხოლოდ რუსეთი ცნობს და რომელსაც დანარჩენი მსოფლიო საოკუპაციო ხაზს უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის ოფისის მინები ჩალეწეს
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისის 116-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო