თემურ ალასანია: ბიძინა ივანიშვილის ნების გარეშე მიხეილ სააკაშვილს არ გამოუშვებენ

„მიხეილ სააკაშვილს გუნდისგან ადეკვატური მხარდაჭერა არ მიუღია“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს გუნდისგან ადეკვატური მხარდაჭერა არ მიუღია, რატომ? – იმიტომ, რომ დღემდე ციხეშია. ბევრი მათგანი შესაძლებელს აკეთებს, მაგრამ ეს არის სიტუაცია, რომელიც ითხოვს შეუძლებელს. ვკითხოთ ჩვენს თავს, გავაკეთეთ ის შეუძლებელი?! თქვენ როგორ გგონიათ, გააკეთა პარტიამ შეუძლებელი? – არ გააკეთა. კი, აკეთებენ შესაძლებელს, პატრიოტიზმი პირადულზე უარის თქმა არის. შესაძლებლობები, ობციები არის ძალიან ბევრი, სხვადასხვა. დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობიდან, ყველა იმ დემოკრატიული, კონსტიტუციური მეთოდის გამოყენებთ, რომელმაც მსოფლიოში შედეგი გამოიღო.

თავის დროზე ოპოზიციის მხრიდან იყო გარკვეული საუბრები, რომ თქვენ გელოდებიან, ჩამოსვლა იქნება ძალიან დროული. ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ თქვენი ჩამოსვლა არ არის მიზანშეწონილი. ვერ შევძლებთ უსაფრთხოების დაცვას. მესამე ნაწილი პირდაპირ იმუქრებოდა – ძირითადად ეს მუქარა ხელისუფლებისგან მოდიოდა. ამიტომ იმის თქმა, რომ ვიღაცა ერთმა მოატყუა, შეაცდინა, მიშას შეცდენა ძალიან ძნელია.

მას ვერ გატეხავენ, ვერ დაიმორჩილებენ, ვერც დაასუსტებენ იმდენად, რომ მიშამ ბრძოლაზე თქვას უარი – ეს სრული ოქსიმორონია, ბრძოლაზე უარი არ იქნება“, – განაცხადა თემურ ალასანიამ.

ჟურნალისტის კითხვას, თქვენი საქართველოში ყოფნა საქართველოს ხელისუფლებისთვის თავის ტკივილია? – თემურ ალასანიამ შემდეგნაირად უპასუხა: „სამწუხაროდ არის, თუმცა ღიად ვამბობ, არ მესმის რატომ“.

ჟურნალისტის კითხვას, ბიძინა ივანიშვილის ნების გარეშე მიხეილ სააკაშვილს გამოუშვებენ? ალასანია პასუხობს: არ მგონია.

„ვიყავი ძალიან გაკვირვებული პრეზიდენტის განცხადებით. პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება იყო ძალიან სწორი. დღეს საქართველოში მოხელის მიერ ასეთი დამოუკიდებლობის გამოჩენა არის გმირობის ტოლფასი“, – აცხადებს ალასანია.

 

https://youtu.be/-gMd9Pc311s

banner
წინა სტატიაშიინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძის თქმით, 10-ზე მეტ საეჭვო შემთხვევათა უმეტესობაში „ომიკრონი“ არ დადასტურდა, 2-ს კი ამ დრომდე სწავლობენ