თეა წულუკიანი: პატიმარს სააკაშვილს მოუწევს მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც სასამართლომ მიუსაჯა

ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციას, რომელიც არის წარუმატებელი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე მომაბეზრებელია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სასოწარკვეთილია, იმედია, მალე მოეგება გონს და მისცემს ქვეყანას მშვიდად ცხოვრების საშუალებას.

„ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციას. ეს დესტრუქცია, რა თქმა უნდა, წარუმატებელია და მომავალშიც იქნება. აღარ დავმალავ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს უკვე მომაბეზრებელია. შესაბამისად, ჩვენ ამას მოთმინებით ვუყურებთ. პოლიცია თავის მოწოდების სიმაღლეზეა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს პატიმრების უფლებების სათანადოდ დასაცავად და მე დიდი იმედი მაქვს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობაც“, მიუხედავად იმისა, რომ სასოწარკვეთილია, მალე მოეგება გონს და მისცემს ამ ქვეყანას მშვიდად ცხოვრების საშუალებას“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, კულტურის მინისტრმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო დარბაზში პატიმრის დასწრებაზე გადაწყვეტილება მიიღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რათა არ დაირღვეს მისი დაცვის უფლება.

„ერთს ვიტყვი, უნდა იყოს თუ არა პატიმარი წარდგენილი სასამართლო პროცესზე სასამართლო დარბაზში, ეს გადაწყვეტილება მიიღება, პირველ რიგში, პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მთავარია, პროცესი იყოს შეჯიბრებითი, რომ ეს შეჯიბრებითობის პრინციპი არ დაირღვეს, არც დაცვის უფლება დაირღვეს და შესაბამისად, შედგეს სამართლიანი სასამართლო“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალურად დაცულია.

„პოლიტიკური ოპონენტი როდესაც დესტრუქციისკენ არის მოწოდებული, ის ყველანაირ კვალიფიკაციას, მათ შორის არასწორს აძლევს სახელმწიფოს ქმედებებს. ამაში გასაკვირი არაფერია. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კონკრეტული პატიმრის უფლებები პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალურად დაცულია. მესმის, რომ სასჯელი არც ერთ პატიმარს არ მოსწონს და მათ შორის არც ამ კონკრეტულ პატიმარს, მაგრამ ასეთია სასამართლო გადაწყვეტილება და როგორც არაერთ პატიმარს მოუხდია სასჯელი, ასევე ამ პატიმარს მოუწევს, მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც სასამართლომ მიუსაჯა. მთავარია, მან საკუთარ თავს დახმარება აღმოუჩინოს პენიტენციურ სამსახურთან, სამედიცინო პერსონალთან ერთად და არ შესწიროს ამ სასჯელს საკუთარი ჯანმრთელობა. სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ასე არ მოხდეს და ის სასჯელის მოხდის შემდეგ თავის ოჯახს დაუბრუნდეს ჯანმრთელი და რა თქმა უნდა, სიცოცხლის უფლება ბოლომდე იყოს დაცული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ცინცქილაძე: ზვიად კუპრავას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე
შემდეგი სტატიასაპატრიარქომ მეუფე ნიკოლოზის ქმედებები დაგმო