თეა წულუკიანი: ისეა წარმოჩენილი, თითქოს ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის პროექტია

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.

გამოითქვა მოსაზრება, რომ „თიბისი ბანკის საქმეზე“ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ამბობენ, რომ როდესაც კითხვები ჩნდება საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენის წარსულზე, რეპუტაციაზე, საქმიანობაზე, რომელთანაც დაკავშირებულია საქართველოს მასშტაბისთვის ძალიან მსხვილი ბიზნესები, უდიდესი კერძო ბანკი და დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ანაკლიის სახით – სცდება წარსულში შესაძლოა რაიმე დარღვევის მასშტაბს და იღებს ისეთ ხასიათს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყანაში არსებული სამართლის სტანდარტის ხარისხს.

ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “იმედი LIVE”-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ თავად მამუკა ხაზარაძე და ყველა პირი, რომელსაც ეს საქმე ეხება, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, იმისთვის, რომ მათთან პიროვნულად დაკავშირებულმა კითხვებმა ბანკი არ დააზიანოს.

“იმიტომ, რომ ეს არის ძლიერი და სანდო ინსტიტუტი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. არ მგონია, არ მეჩვენება და არ მსმენია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხვა. კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმღები პირებიც ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან. და ალბათ ისინი არ იზამენ ისე, რომ თუ მათ შეექმნათ პრობლემა, გადაიყოლონ ინსტიტუტიც. ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს აბსოლუტურად არ არის. პირიქით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად აგრძელებდეს ფუნქციონირებას. ამიტომ ბურთიც და მოედანიც მისია, ვგულისხმობ ბატონ მამუკას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ისეა წარმოჩენილი, თითქოს ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის პროექტია:

“ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. შესაბამისად, ის თითქოს მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ეს ასე არ არის. როდესაც სახელმწიფო პროექტს ახორციელებს და ჰყავს დაქირავებული , ტენდერში გამარჯვებული ადამიანი, სახელმწიფოს საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს. ამიტომ მე ერთს მეორესთან არ დავაკავშირდები. სპეკულაციები რაც არის რომ ეს კითხვები, რაც მის მიმართ საბანკო საქმიანობის ნაწილში დაისვა, ანაკლიის პორტს დაუკავშირონ, ოპოზიცია საკუთარ თემად ქცევას ცდილობს. მე არ მგონია, რომ ეს ადამიანი (მამუკა ხაზარაძე) იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გურამ – თქვენ, როგორც იუსტიციის მინისტრი და როგორც პოლიტიკოსი, ხედავთ თუ არა რისკს, რომ შესაძლოა წარმოიქმნას და გაღრმავდეს დავა მამუკა ხაზარაძესა და სახელმწიფოს შორის და ეროვნული ბანკის გარდა სხვა სახელმწიფო უწყებებიც აღმოჩნდნენ ჩართული შიგნით? და რაც მთავარია, ღირს თუ არა დავის საგანი იმად, რომ გამოიწვიოს მასშტაბური ძვრა ქვეყანაში სტაბილურობისა და სამართლიანი გარემოს აღქმაში?

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა ორმა კომპანიამ „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, ,,თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით 17 მილიონ დოლარამდე სესხი მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, სესხად აღებული თანხის კომპანიების ანგარიშებზე განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, 17 მილიონი დოლარი ისესხეს.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის პრემიერმა დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე ამერიკის მთავრობის თხოვნით წარადგინა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების