თეა წულუკიანი – ბოკერიამ უგულავა აღიარა პოლიტპატიმრად, უგულავამ საკნიდან საკანში გადასძახა ოქრუაშვილს, შენც ხომ პოლიტპატიმარი ხარ, ბიჭოო, ასე ცნეს ერთმანეთი პოლიტპატიმრებად, ეს არის კომედია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2020 00:39

თეა წულუკიანი – ბოკერიამ უგულავა აღიარა პოლიტპატიმრად, უგულავამ საკნიდან საკანში გადასძახა ოქრუაშვილს, შენც ხომ პოლიტპატიმარი ხარ, ბიჭოო, ასე ცნეს ერთმანეთი პოლიტპატიმრებად, ეს არის კომედია

ბოკერიამ უგულავა აღიარა პოლიტპატიმრად, უგულავამ საკნიდან საკანში გადასძახა ოქრუაშვილს, შენც ხომ პოლიტპატიმარი ხარ ბიჭოო, იმან იქიდან დაუდასტურა, ყველა ერთად შეთანხმდა და ერთმანეთი ცნეს პოლიტპატიმრებად, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„ეს არის კომედია, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი ტრაგიზმის ფორმას მიიღებს და ერთმანეთში დაიწყებენ იმის გარკვევას, ვინ პოლიტ არის და ვინ არაპოლიტ, ჩვენ საარჩევნო სისტემას შევცვლით, რადგან 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ამისთვის „ქართული ოცნება“ ძალისხმევას არ დაიშურებს. დანარჩენი უკვე არის პოლიტიკური სპეკულაციები და საბაბის ძებნა იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმებას როგორმე არ დაუჭირონ მხარი და ეს სხვას დააბრალონ“, – განაცხადა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ოპოზიციის ლიდერთა მხრიდან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანამდეც და 8 მარტსაც, რატომ კეთდებოდა განცხადებები, რომ უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას გასათავისუფლებლად კონკრეტული მექანიზმები იქნებოდა გამოყენებული, თუკი შეხვედრებზე ე.წ. პოლიტპატიმრებზე საუბარი არ ყოფილა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს განცხადებები იმიტომ კეთდებოდა, რომ ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია და მათ ეს დაადასტურეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ.

„დღეს არც რცხვენიათ და სიტყვა პატიმარს ისე ახსენებენ, რომ არც ერთს ნერვი არ უტოკდება. მე მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ამას ვერ მოვთხოვთ, ვერც სინდისს და ვერც მით უმეტეს, პოლიტიკურ სინდისს. როდესაც ისინი მოლაპარაკებებიდან გამოსვლისთანავე ვიღაცის გათავისუფლებაზე საუბრობდნენ, იქვე, ჩვენი მომლაპარაკებლები ამბობდნენ, რომ ეს სიცრუე იყო. შესაბამისად, ჩვენ ალბათ, უნდა გავიხსენოთ, რა ტიპის ტყუილებზე წამსვლელი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც, მაგალითად, მოდელირებული რეალობები მრავალჯერ შესთავაზეს ჩვენს საზოგადოებას, როცა პასუხისმგებელი პირები იყვნენ და რაღაცის მართვაზე ჰქონდათ პრეტენზია “, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ეს თემა დახურულია და ე.წ პოლიტპატიმრებზე იწილო-ბიწილოზე ბევრი დრო იხარჯება.

შეკითხვაზე, არის თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ საყურადღებო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცალკეულ პოლიტიკოსთა მწვავე განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს პოლიტიკოსთა განცხადებებია და არა მთავრობების განცხადებები.

„სავარაუდოდ, ეს პოლიტიკოსები, უცხოელები, მაგრამ პოლიტიკოსები, უნდა მოვიაზროთ, რომ არიან ჩვენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა გულშემატკივრები. სხვა ახსნა ამას არ აქვს. შესაბამისად, ალბათ, სჯობს, ჩვენ ჩვენი ძლივს და სისხლით მოპოვებული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ერთგულები დავრჩეთ. მთავრობას, პარლამენტს და მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ძალიან მწვავე განცდა იმისა, რომ ის პასუხს აგებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, წარმატებით მართავს პანდემიიდან გამომდინარე კრიზისს, პოლიტიკურ მოვლენებს მაღალი დონის პასუხისმგებლობით და მაღალი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარტიაში და უმრავლესობაში არსებობს ერთსულოვნება და სრული მზაობა, რომ საარჩევნო რეფორმის კონსტიტუციის ცვლილებებს კენჭი დადებითად ეყაროს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერა და ბურთი მთლიანად მათ მოედანზეა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2020 00:39

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics