თბილისის მერია “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხობს

თბილისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს.

 

“დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მთავრობის მისამართით ბრალდებები გაჟღერდა. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აპელირებენ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ზღვრული ფასების მიუთითებლობაზე და ამბობენ, რომ აღნიშნული საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას უკავშირდება.
იმისათვის, რომ საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი, განვმარტავთ, რომ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ხარჯთაღრიცხვის პოზიციების ერთეულების ზღვრული ფასების მითითებით პირველად, 2016 წლის იანვარში გამოცხადდა. შესაბამისად, ტენდერებში აღნიშნული ზღვრული ფასების მითითების პრაქტიკა, სწორედ, დედაქალაქის ახალმა მთავრობამ დანერგა და წინა ხელისუფლების დროს, ქალაქ თბილისის მერიის მიერ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში არასოდეს ყოფილა გამოყენებული.
ამასთან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ტენდერში ზღვრული ფასის მითითება სავალდებულო არ არის და თითოეული შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია.
შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ბრალდებები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
banner
წინა სტატიაში“ლარი სტაბილურად მყარდება”
შემდეგი სტატია“მოქმედი კანონმდებლობა საკმაოდ ლმობიერია იმ დანაშაულის მიმართ, რაც დღეს გვაქვს”