თავდაცვის მინისტრი: ქვეყანას უნდა ჰყავდეს კარგად მომზადებული რეზერვი

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს “კარგად მომზადებული რეზერვი”. მისი თქმით, “ჩვენნაირი გამოწვევების” ქვეყნებისთვის ეს რეკომენდებულია და “პრინციპში, ალტერნატივა არ აქვს”. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

“ზოგადად, თავდაცვის ძალებს აქვთ 10-წლიანი განვითარების გეგმა და მათ შორის ჩვენნაირი გამოწვევების, ასე ვთქვათ, ქვეყნებისთვის ცალსახად რეკომენდებულია და პრინციპში, ამას ალტერნატივა არ აქვს, ტოტალური თავდაცვის პრინციპი. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, საკონტრაქტო ჯარს და ამავდროულად, გულისხმობს იმას, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს კარგად მომზადებული რეზერვი. ჩვენ ამ ორივე ამოცანას, რა თქმა უნდა, მივაღწევთ.

თქვენ იცით, რომ ჩვენ, გარდა იმისა, რომ სოციალური პირობები გავაუმჯობესეთ პრემიერმინისტრის მინისტრობის დროს თითოეული ჯარისკაცისთვის, ასევე, გაიზარდა წელს ანაზღაურება და საკონტრაქტო პირობებიც ჩვენ არსებითად გავაუმჯობესეთ მიმდინარე წელს.

მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამავდროულად, ჩვენ აუცილებლად უნდა გვყავდეს მომზადებული რეზერვი. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ჩვენ არ გადავდგით რადიკალური ნაბიჯები, არსებითად არ შეგვიცვლია, გარდა იმისა, რომ გავამარტივეთ არსებითად სავალდებულო სამსახურის მოხდა და არჩევანის სხვადასხვა საშუალება მივეცით ჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა მან.

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში 28 დეკემბერს წარადგინეს. კანონპროექტის პაკეტი ამ ეტაპზე კომიტეტებმა განიხილეს და პლენარულ სხდომაზე არ გასულა.

რიგ საკითხებთან ერთად ახალი კოდექსი სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც ეხება. იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ან მისგან გათავისუფლების პირობები, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. 10 მარტს თავდაცვის კოდექსის კანონპროექტში ცვლილებები შევიდა – ცვლილებების თანახმად, სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი – ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა ქვეყანაში საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი დაკარგა