თალაკვაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკის ერთადერთი მიზანია, თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული მარცხიდან ყურადღება გადაიტანონ სხვა ფაქტორზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილი არ ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას და მეორე მხრივ, სახელმწიფო იცავს ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის მომსახურების სტანდარტს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ყველა მოშიმშილე პატიმარს, უტარდება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ჯანმრთელობის მონიტორინგი.

„სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილი არ ასრულებს მოწოდებას და მეორე მხრივ, სახელმწიფო იცავს ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის მომსახურების სტანდარტს. მიხეილ სააკაშვილი განთავსებულია მულტიპროფილურ ცენტრში და მას, როგორც ყველა მოშიმშილე პატიმარს, უტარდება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, რაც არის სიმართლე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანია, თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული პოლიტიკური მარცხიდან ყურადღება სხვა ფაქტორზე გადაიტანონ.

„რაც შეეხება მისი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მანიპულაციებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკის ერთადერთი მიზანია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული პოლიტიკური მარცხიდან ყურადღება გადაიტანონ სხვა ფაქტორზე, ამ შემთხვევაში, სააკაშვილის ჯანმრთელობას იყენებენ. დაცვის მხარის მხრიდან არ მოგვისმენია არგუმენტი, სააკაშვილს ისეთი რა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ჩარევა სჭირდება, რომ ადვოკატები და მისი თანაგუნდელები მის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ? ასეთი არგუმენტი არ არ არის ცნობილი. მას, როგორც მოშიმშილე პატიმარს, ევროპის საბჭოს საუკეთესო სტანდარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი უტარდება.

ამ ფონზე, ნებისმიერი მანიპულაცია, განცხადებები, შიმშილი ემსახურება საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შექმნას და პოლიტიკური მარცხის სააკაშვილის მდგომარეობაზე გადატანას. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პენიტენციური სისტემის სამედიცინო ცენტრი, რომელიც მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, მზადაა, მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი უზრუნველყოს. ისევე როგორც, თუ ის შეწყვეტს შიმშილობას, როგორც მას მოუწოდა თავის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ, ასევე მას გაუწიოს სათანადო სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.

ვნახეთ, რომ ეს არის მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც აღჭურვილია ყველა საბაზისო საშუალებით. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უზრუნველყოფილია შესაბამისი პროფილის სამედიცინო პერსონალით. ამიტომ, ამ მხრივ მოშიმშილე პატიმართან მიმართებით რაიმე გამოწვევა, რომელსაც პენიტენციური სისტემის სამედიცინო ცენტრი ვერ უპასუხებს, არ არსებობს. ვერც თქვენ მისახელებთ მიზეზს, მიხეილ სააკაშვილს ისეთი რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება, რომ ის სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამიტომ, ჩვენ გვაქვს კითხვები და დარწმუნებული ვარ, იგივე კითხვები აქვს საზოგადოებას. ეს არის დისკუსია, რომელიც ექიმებს შორის უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ არა მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებმა ან პოლიტიკოსებმა, არამედ სამედიცინო სამსახურმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში“უმკურნალეთ!” – ზუგდიდელი ექიმების მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს
შემდეგი სტატიასამხარაძე: ვინც უკანონოდ გადმოკვეთს ქვეყნის საზღვარს, პოლიტპატიმრად ვერ ჩაითვლება