,,სტარტაპ საქართველოს’’ ფინალისტებისთვის უცხოელი სპეციალისტები ტრენინგებს მართავენ

,,სტარტაპ საქართველოს’’ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტებისთვის დღეიდან ტრენინგები დაიწყო.

მაღალკვალიფიციური ხუთი ტრენერი კალიფორნიის „სილიკონის ველიდან“ ქართველ სტარტაპებს მოამზადებს, რათა სრულყოფილად შეძლონ საკუთარი ბიზნეს იდეისა და პრეზენტაციების წარდგენა ინვესტორების წინაშე.

პრეზენტაციას პირველი ვიც-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც დაესწრო.

მისი განმარტებით, „სილიკონის ველის“ ექსპერტები „სტარტაპ საქართველოს“ ფინალისტებს დაეხმარებიან პროექტების სტრუქტურის დახვეწაში, მოამზადებენ გუნდებს პრეზენტაციებში.

“საბოლოო ჯამში, „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში 700 განაცხადზე მეტი შემოვიდა. მეორე ეტაპი გადალახა 51 პროექტმა. ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტებს თავისი შინაარსით შეუძლიათ მსოფლიო ბაზარზე კომერციალიზაცია და რამოდენიმე ათეული მილიონის საინვესტიციო პოტენციალის შექმნა. ახლა გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ფაზაზე, მესამე ეტაპზე – უკვე უნდა გამოვავლინოთ გამარჯვებულები. ყველა გამარჯვებულისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად, ჩვენ ჩამოვიყვანეთ აშშ-დან ტრენერთა ჯგუფი, რომელიც უკვე ასწავლის, თუ რა აქვთ გასასწორებელი პროექტებში, როგორ უნდა გააკეთონ პრეზენტაციები ჟიურისთან და ინვესტორებთან“,-აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, 22 და 25 აგვისტოს ჩათვლით, შედგება ფინალური ეტაპი, როდესაც 5-კაციანი ჟიური ინვესტორებთან ერთად, მოისმენენ საბოლოო პრეზენტაციებს.

„შესაბამისად, ჩვენ გვეყოლება უკვე გამარჯვებული კომპანიები, მათი სავარაუდო რიცხვია 20. დღეს ჩვენ ვნერგავთ ახალ კულტურას, ვამბობთ, რომ მხოლოდ იდეა და ფული არ არის საკმარისი, ამას სჭირდება სწორი მიწოდება, რათა დაფინანსება გადაიზარდოს კონკრეტულ საქმეში“,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„სილიკონის ველი“ ინოვაციებისა და ბიზნეს ტექნოლოგიების ერთიანი ჰაბია,რომელიც ბიზნეს უნივერსიტეტებს,ინოვაციურ ცენტრებსა და აიტი აკადემიებს აერთიანებს.

პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტს ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება.

სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში წვიმამ გადაიღო და შტორმის დონემ საგრძნობლად დაიკლო
შემდეგი სტატიაე.წ ციხის კადრების ინტერნეტში გავრცელების ფაქტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება