ბათუმში წვიმამ გადაიღო და შტორმის დონემ საგრძნობლად დაიკლო

ბათუმში წვიმამ გადაიღო და შტორმის დონემ საგრძნობლად დაიკლო, თუმცა ზღვაში ბანაობა ამ დრომდე აკრძალულია. სანაპიროებზე წითელი ალამია აღმართული.
გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გარეგანათების ბოძი დაზიანდა, ასევე ჩამოშლილია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი, წაღებულია რამდენიმე სკამი. ბულვარის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაგდა ჯაიანის ინფორმაციით, სტიქიამ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებიც დააზიანა.
ბათუმის მერის, გიორგი რემაკოვის განცხადებით, გუშინ ღამე ბათუმის 4 დიდი კოლექტორი გამართულად მუშაობდა და ღამით უკვე ქალაქში წყალი აღარ იყო.
ბათუმის მერიის სანიტარული დასუფთავების სამსახურის უფროსის ზურაბ გელაძის ინფორმაციით, ოთხი ერთეული ტექნიკა და სპეციალური მობილური ჯგუფები ბულვარსა და სანაპირო ზოლს დილიდან ასუფთავებენ.
ზარალი, რომელიც ბათუმს შტორმმა და უხვმა ნალექმა მიაყენა, ჯერ არ დაუთვლიათ. მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სარფიდან ჩოლოქამდე დასუფთავების სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიბედუკიძის რეკლამის საკითხს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განიხილავს
შემდეგი სტატია,,სტარტაპ საქართველოს’’ ფინალისტებისთვის უცხოელი სპეციალისტები ტრენინგებს მართავენ