სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა თელავში სამუშაო შეხვედრა გამართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა თელავში სამუშაო შეხვედრა გამართა. კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივები და წინადადებები განიხილეს, რომლებზეც კომიტეტი მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს „სპორტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც კომიტეტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მომზადდა და სპორტში კარგი მმართველობის ხელშეწყობას და სპორტული ინფრასტრუქტურის პოლიტიკის გაუმჯობესებას შეეხება.

კომიტეტის წევრებმა, სამუშაო ფორმატში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზეც იმსჯელეს, რომელიც დოპინგ საწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარების მიმართულებებს ეხება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართულ კანონმდებლობაში დოპინგ საწინააღმდეგო საკითხების ასახვა, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს და საკანონმდებლო ცვლილებები მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა (WADA) და სფეროში მოქმედ საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებთან საქართველოს პოლიტიკისა და რეგულაციების სრულ შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

„სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ეგიდით, 2021 წელს ჩატარებულმა – „საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის“ ანალიზმა არსებული საჯარო პოლიტიკისა და პრაქტიკის ნაკლოვანებები გამოავლინა, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს საჯარო სპორტული ობიექტებისა და მათი მომსახურეობის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე. სპორტული ინფრასტრუქტურის ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად, კომიტეტის მიერ ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომელიც დარგობრივი პოლიტიკის სფეროში ნაკლოვანებებისა და ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებს. რაც შეეხება სპორტში კარგი მმართველობის ხელშეწყობას – კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილებებით, სპორტის სფეროში კარგ მმართველობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სისტემა შემოდის და ძირითადი დაინტერესებული სუბიექტების ფუნქციები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მესამე ქვეყნების ჩართვის რისკი არსებობს
შემდეგი სტატიათეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ახალი დახმარება საჭიროებებს შეესაბამება