„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად.

კანონპროექტის ერთ-ერთიინიციატორის, პარლამენტის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამშრომლისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭებას.

მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს მიენიჭება უფლება პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებული წინადადებით ზედამხედველ პროკურორს მიმართოს.

კანონპროექტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას დაადგენს.

მომხსენებლის თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით უფლებამოსილი იქნება საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზეც აწარმოებს გამოძიებას. ამავე დროს, ამ უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ამ უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე.

კანონპროექტის თანახმად:

• სათანადო სოციალური გარანტიებით თანაბრად ისარგებლებენ, როგორც სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლები, ასევე ის თანამშრომლები, რომლებიც საგამოძიებო ფუნქციებით არ არიან აღჭურვილნი;

• საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები.

„ცვლილებები ემსახურება უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებას. კანონპროექტი განხილული იყო ოპოზიციის ჩართულობით, ამაზე შეჯერებული ვართ და წარმოდგენილი ცვლილებები ფართო კონსენსუსით არის მიღწეული“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონის გარდა ცვლილებები ასევე შედის: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში, „პატიმრობის კოდექსში“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში.

კანონპროექტი მომზადდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადდა.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და მიხეილ სარჯველაძე.

banner
წინა სტატიაშიალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმის შეჩერაბაზე პუტინის განკარგულება ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ მისი აღება
შემდეგი სტატიაუკრაინაში საომარი მდგომარეობა 25 მაისამდე გახანგრძლივდა