სპალეტი: „კვარა დიდი ფეხბურთელი და დიდი ჩემპიონია“ – „თაიმერი“ სპეციალურად „სკუდეტოს“ ღონისძიებიდან

„ნაპოლი“ 33 წლის, მარადონას ეპოქის შემდეგ, კვლავ იტალიის ჩემპიონია და ამაში, უდიდესი წვლილი, ქართული და ახლა უკვე, იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის. „ნაპოლიმ“ სერია ა-ს 2022-2023 წლის ტრიუმფალური სეზონი, გრანდიოზულად დახურა.

ცნობილია, რომ სამხრეთ იტალიის ეს ულამაზესი ქალაქი, ფეხბურთით სუნთქავს და ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონაც ღმერთკაცად ჰყავთ წარმოდგენილი, მაგრამ ის, რაც 4 ივნისს სკუდეტოს ღონისძიების დღეს, ნეაპოლის ქუჩებში, მარადონას სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასა და შემდგომ უკვე, მოედანზე ხდებოდა, სრულიად წარმოუდგენელი იყო.

დღესასწაულის სურნელი ნეაპოლის სადგურში ფეხის დადგმისთანავე იგრძნობოდა: ხალხმრავალი ქალაქი, იმ დღეს, განსაკუთრებულად ჭრელი, ემოციებითა და ადრენალინით იყო გაჯერებული და რაც მეტად ვუახლოვდებოდი სტადიონს, ეს ყველაფერი უფრო და უფრო მასშტაბური ხდებოდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთში ირეოდა ცისფერი კვამლი, გამაყრუებელი ხმაური, ნეაპოლის მცხუნვარე მზე, სიხარულის ცრემლები, მოზღვავებული ემოცია, „ტიფოზების“ ხმისჩახლეჩამდე ღრიალი, ქართველი ემიგრანტების და იტალიელი ფანების ორგანიზებული ერთობილვი მარში, მოთხოვნით: „ნაპოლიმ ერთი მატჩი ჩაატაროს საქართველოში“, ფეხბურთელების ღია და შეფარული სიამაყე, ლუჩანო სპალეტის სევდანარევი სიხარული, დე ლაურენტისის არხეინობა, პრესის ტრიბუნაზე ნეაპოლელი ჟურნალისტების, უკვე, ღია ზეიმი და ხუთჯვრიანი დროშებით მხრებდამშვენებული ქართველების ბედნიერება.

ნეაპოლელები ამ წარმატებაში ერთხმად აღიარებენ ხვიჩას წვლილს და თვლიან, რომ ქართველმა ბომბარდირმა, სწორედაც, დამსახურებულად მიიღო ჩემპიონატის წლის ფეხბურთელის ტიტული.

როგორც ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემასთან აღვნიშნე: “ახლა უკვე, ღიმილს მგვრის იტალიელების, ნეაპოლელების მხრიდან 2022 წლის ივლისში „ნაპოლიში“ ხვიჩას გამოჩენით გამოწვეული უნდობლობა. ბევრს ეგონა, რომ კვარაცხელია პირველივე თამაშებში ფიასკოს განიცდიდა და დიდი ხნით აღმოჩნდებოდა სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ “ნაპოლის”, სპალეტის, დე ლაურენტისისა და უპირველეს ყოვლისა, საქართველოს და ქართველების ბედად, საბედნიეროდ, ეს პროგნოზები მცდარი აღმოჩნდა.

შემთხვევით არ აღმინიშნავს “საქართველოს საბედნიეროდ”, რადგან ისეთ პატარა, მაგრამ, თავისი ათასწლოვანი ისტორიითა და კულტურით მნიშვნელოვან ერს და ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჯერ რუსეთის მეფის, შემდეგ საბჭოთა კავშირისა და კომუნისტების და მოგვიანებით პუტინის რუსეთის წნეხს განიცდიდა, სჭირდებოდა გმირი, რომელიც ყინულს დაამსხვრევდა და ევროპისა და ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს მზერასა და ყურადღებას, საქართველოსკენ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისა და საქართველოს ფეხბურთის ისტორიისკენ მიმართავდა, რადგან სათქმელი მართლაც, რომ ბევრი გვაქვს.”

და ასეც მოხდა! მარტო, ის, რად ღირს, რომ ლუჩანო სპალეტიმ, რომელიც ჩემპიონატზე წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, სეზონის ბოლოს, ნაპოლი-სამპდორიას მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ჩემპიონი უწოდა.

უნდა გავამხილო და ამ, პრესკონფერენციაზე, კითხვის დასმას აღარ ვაპირებდი, უბრალოდ, როგორც ჟურნალისტს და ერთ რიგით ქართველს, სპალეტისთვის მადლობის გადახდა მინდოდა, იმ საოცარი სეზონისთვის, რომელიც მან და მისმა ბიჭებმა ნეაპოლელ და ქართველ გულშემატკივრებს აჩუქეს, მაგრამ, ალბათ, პროფესიული “დეფექტია”, ვერ მოვითმინე და „ნაპოლის“, ახლა უკვე, ყოფილ მწვრთნელს, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო წლის ერთგვარი შეფასება ვთხოვე.

აი, რა გვიპასუხა სპალეტიმ:

„კვარა საფეხბურთო აგენტების განხილვის თემა გახდა. მოსალოდნელიც იყო… მაგრამ უნდა ყოფილიყო იმ ფეხბურთელების რიცხვში, რომლის ხელფასისა და ხარჯების გაღება შესაძლებელი იქნებოდა. ჩვენ უნდა შეგვეცვალა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ინსინიე იყო, რომელმაც ულამაზესი მომენტები გვაჩვენა და მისი შემცვლელი, მსგავსი მახასიათებლების მქონე უნდა ყოფილიყო. ჯუნტოლიმ კვარას სახელი ამოიღო, ცოტა ხანს უყურა… მე ხუთი წელი ვმუშაობდი რუსეთში და რამდენიმე კითხვა დავსვი და ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, უნდა აგვეყვანა.

პრეზიდენტი ცოტა შეფიქრიანებული იყო, თუ რამდენად ადაპტირდებოდა ჩვენს ფეხბურთთან. ორი საღამო ზედიზედ მირეკავდა. მას სხვა კლუბებიც უყურებდნენ, ჯუნტოლიმ იყოჩაღა, როდესაც მისი ჩვენთან წამოყვანა შეძლო, მაგრამ კვარამ თავისი პროფესიონალიზმით გამოავლინა თავი.
მე ვნახე მისი დადევნება, ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს მინახავს. მარტო ის რად ღირს, თუ როგორ ეხება ბურთს, სათუთად „doce doce“ (ფრთხილად, სათუთად), როგორც ნეაპოლში ამბობენ. ის არაპროგნოზირებადია, საოცარია მეტოქის დაცვის მისეული გარღვევა. ორივე ფეხით ერთნაირად კარგად ურტყამს, ადგილიდან ახტომის თვალსაზრისითაც ძლიერი ფეხები აქვს. და თანაც, ის, ძალიან ახალგაზრდაა. მისი მისამართით ბევრი შედარება მესმის, მაგრამ უფრო ახალგაზრდაა ყველა იმ ფეხბურთელზე, ვისაც ადარებენ და ყველაფერი თავის მხარეს აქვს.
ის დიდი ფეხბურთელი და დიდი ჩემპიონია”.

ნინა მამუკაძე
სპეციალურად ნეაპოლიდან

banner
წინა სტატიაშიისანში 10 წლის ბავშვი დაიკარგა – ის “ევექსის” კილინიკაში დედასთან ერთად იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს. ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც თავისი აზრი, შეფასება და გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ