სოხუმში მომხდარ მკვლელობებს ქართველ კანონიერ ქურდებს უკავშირებენ

ასტამურ შამბა

სოხუმში გუშინ მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ღიად არა, მაგრამ გარკვეულ წრეებში, ქართველი კანონიერი ქურდების- მერაბ ჯანგველაძის, იგივე მერაბ სუხუმსკისა და ნიკა დგებუაძის, მეტსახელად ნიკა გაგრინსკის შორის არსებულ მტრობას უკავშირებენ.
სოხუმის ცენტრში, მაჰაჯირების სანაპიროზე მდებარე რესტორან „სან-რემოს“ ვერანდაზე გუშინ მოკლული გუდაუთელი კანონიერი ქურდები-ალხას ავიძბა, მეტსახელად ხასიკი და ასტამურ შამბა, იგივე ასტიკი, სწორედ მერაბ ჯანგველაძის (სუხუმსკის) კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. 38 წლის ასტიკი და ხასიკი ასევე გუდაუთელი კანონიერი ქურდისა და მერაბ სუხუმსკის გარემოცვის წევრის, 53 წლის რაულ ბარცბას, იგივე პიზას „ნათლულები“ იყვნენ.
მწვავე დაპირისპირება ჯანგველაძე-დგებუაძის დაჯგუფებებს შორის 2017 წელს მაშინ დაიწყო, როცა „პიზას“ გავლენით, ნიკა გაგრინსკის ქურდული სტატუსი ხასიკმა და ასტიკმა შეუჩერეს. მოგვიანებით, „დაკარგული ქურდობა“ ნიკა გაგრინსკის მისივე გარემოცვიდან, ნადირ სალიფოვმა, იგივე ლოტოგულმა აღუდგინა. გუშინ მოკლულმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ცოტა ხნის წინ საკუთარი „საძმოს“ წევრებიც არ დაინდეს და „ქურდული ღირსება“ ჯანგველაძის დაჯგუფების წევრებს, ალხაზ გუდაუტსკისა და თენგულიაშსაც შეულახეს. უკანასკნელი, ვინც „ქურდული ოჯახის“ გარეშე ხასიკმა და ასტიკმა დატოვეს, სოხუმელი „კანონიერები“-თემურ გვასალია (მაკოლია) და თემურ ახუბა (დინდრიდი) არიან.
არავინ იცის რა გაგრძელება ექნება ამ დაპირისპირებას ქურდულ სამყაროში, მაგრამ სოხუმში უკვე ცნობილია მერაბ სუხუმსკის იმ „გამოცხადებული“ შურისძიების შესახებ, რომლის თანახმადაც ხასიკისა და ასტიკის მკვლელები მათ დაკრძალვამდე „ქურდულ სტატუსს“ კი არა სიცოცხლეს დაემშვიდობებიან.
შეიარაღებული თავდასხმა სოხუმში გუშინ, დღის სამი საათისთვის მოხდა. რესტორან „სან-რემოს“ ვერანდაზე მაგიდასთან მსხდომ პირებს, ალხას ავიძბასა და ასტამურ შამბას თავს შვიდი ნიღბიანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი დაესხა. სროლის შედეგად ადგილზე დაიჭრა ასევე ხასიკა და ასტიკას თანმხლები ორი პირი, რუსტამ შამბა და შამილ ავიძბა. ცეცხლნასროლი ჭრილობები მათ კიდურებში აღენიშნებათ. თავში მძიმედ დაიჭრა ასევე რესტორნის მიმტანი ქალი, დომინიკა აკირთავა, რომელიც სოხუმის საავადმყოფოში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შემთხვევის ადგილზე სოხუმის პროკურატურამ 80-მდე ტყვიის მასრა ამოიღო. სროლები სავარაუდოდ „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატური იარაღებიდან და ჯერჯერობით უცნობი პისოლეტებიდან განხორციელდა.
საგამოძიებო ჯგუფმა გუშინვე, სოხუმის რკინიგზის ერთ-ერთ დეპოში „ტოიოტას“ მარკის იმ დამწვარ ავტომობილსაც მიაკვლია, რომლითაც დავდამსხმელებმა „სან-რემოსთან“ გასროლა განახორციელეს.

 

https://youtu.be/0MYK3R6dAQ0

banner
წინა სტატიაშიხვალ ქუთაისში გაზეთ “უქიმერიონის” და საზოგადოება “ქუთაისელის” დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
შემდეგი სტატიაპროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი პროკურორისთვის ბრალის წარდგენას ადასტურებს