„სმარტში“ განთავსებულ „ლიბერთი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ ფილიალებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ვაზისუბანში მდებარე „სმარტში”, სადაც ორი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც ”საქართველოს ბანკში” აცხადებენ, მათ სერვისცენტრში არავინ დაშავებულა და დაწყებულია გამოძიება.
”საერთოდ არის თუ არა თანხა გატანილი, ამასაც ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ერთი საათის წინ მოხდა ეს ამბავი. იქ არ არის მარტო ჩვენი ფილიალი. ეს არის ”სმარტის” სუპერმარკეტი. ჩვენს სერვისცენტრში საბედნიეროდ არავინ დაშავებულა და გამოძიება მიმდინარეობს”, – განაცხადეს ”საქართველოს ბანკში“.

”ლიბერთი ბანკში” მომხდარს ადასტურებენ, თუმცა იმასთან დაკავშირებით, რა თანხაა წაღებული, ინფორმაციას არ ფლობენ. ბანკში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ვაზისუბანში მდებარე „სმარტიდან“ გამოსულ ერთ-ერთ ნიღბიანს ხელში თეთრი ტომარა ეჭირა. თვითმხილველები ყვებიან, რომ სავაჭრო ცენტრიდან გამოსული ორი ნიღბიანი დაინახეს, ერთ-ერთი მანქანის გაჩერებას ცდილობდა, რა დროსაც ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი ორივემ ტერიტორია დატოვა.

ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, შემოსაზღვრულია პერიმეტრი. „სმარტში“ მუშაობა დროებით შეჩერებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა კამპანიის – “შენი ხმა ჩვენი მომავალია” მონაწილეებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაNewsVoice: უკრაინელები ქვეყნიდან ქართველი მოხალისის დეპორტაციას აპროტესტებენ