სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია

სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 - გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 - გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ თანამედროვე ქართული პოლიცია, რომელიც უსახსრობის გამო საკუთარ თანამშრომლებს უნიფორმებზე მკლავებს აჭრევინებს და ზამთარში სთხოვს, რომ მოჭრილი სახელური ისევ მიაკეროს, მეგობრების პრაქტიკულ სერვისებზე გაწესებული საპატრულო ეკიპაჟები, სპეცბარათები ე.წ ნარუშოლოვკა, რომლითაც ჩვეულებრივი,მაგრამ მაღალჩინოსნების ნაცნობი მოქალაქეები სარგებლობენ, სკანდალური 305–ის ეკიპაჟი, ეკა ყურშიტაშვილი შსს-ს ინფორმატორი,  ძალოვანები, რომლებიც ადმინისტრაციულ თანადგომას ვერ გრძნობენ და მათი აუნაზღაურებული სამუშაო საათებით შრომის კოდექსის დარღვევა, შიდა უწყების “გაფუჭების” მეთოდები და შიში, რომელიც ქვეყნიდან გაქცევას გაიძულებს. რატომ გრძნობენ პოლიციელები თავს დაუცველად საკუთარ უწყებაში და ვინ იღებს პასუხისმგებლობას პოლიციაში არსებულ უდარდელობასა თუ განუკითხაობაზე – რა ხდება სინამდვილეში უწყებაში, რომელიც ქვეყანაში წესრიგის მთავარი დამცველია. 

სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 საზოგადოებას ეკა ყურშიტაშვილის ცნობილი შემთხვევიდან ახსოვს. ყურშიტაშვილის სკანდალის გახმაურების შემდეგ ერთი მათგანი სამსახურიდან უფრო ადრე დაითხოვეს, ხოლო მეორე მეწყვილეს _ პატრულ-ინსპექტორს, გიორგი ბაბუნაშვილს საქმე მოგვიანებით შეუკერეს.

პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ბაბუნაშვილმა საქრთველო დატოვა. წასვლის წინ , როგორც მან “თაიმერს” განუცხადა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და არც ოჯახის სხვა წევრების უსაფრთხოებაა დაცული. მან წასვლის წინ სკანდალური ვიდეომასალა ექსკლუზიურად გადასცა საინფორმაციო სააგენტო „თაიმერს“. რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდეომასალა მონტაჟის გარეშე ეჩვენებინა საზოგადოებისათვის…

სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 - გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუყოფილი პატრულ-ინსპექტორის, გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ.

 

_ გიორგი, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა პოლიციაში?

_ 2009 წლის მაისში პოლიციის აკადემიაში ჩავაბარე, რომლის დასრულების შემდეგაც მუშაობა დავიწყე საპატრულო პოლიციაში, ქვემო ქართლის რეგიონში წითელ ხიდზე. აი, აქედან იწყება ჩემი, როგორც პოლიციელის, კარიერა.

სამი წელი ქვემო ქართლში ვიმსახურე პატრულ-ინსპექტორად, მერე მესაზღვრე-გამტარებლად. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ გადმოვედი თბილისში ეკიპაჟზე სამუშაოდ, მოვხვდი დიდუბის რაიონში პირველი ასეულის ოცეულში.

_ როდის დატოვეთ საპატრულო პოლიცია?

_ პოლიცია დავტოვე 2014 წლის დეკემბერში. ბრძანება 18 დეკემბრით თარიღდება, თუმცა 24 ნოემბერს დამატოვებინეს სამსახური.

_ თქვენ პირად საუბარში მითხარით, რომ ტოვებთ საქართველოს.

_ ნამდვილად ვგეგმავ ქვეყნის დატოვებას. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ არსებობს საფრთხე, მე და ჩემს ოჯახს შეიძლება შეგვექმნას ძალიან სერიოზული პრობლემები, რადგან ვფლობ ბევრ ინფორმაციას, ვიდეომასალებს, მათ შორის, მაღალჩინოსნების გადაცდომებზე, სამსახურებრივ გულგრილობებზე, იგივე რეზონანსულ ამბავზე, რომელიც ეკა ყურშიტაშვილს ეხება. ამ სკანდალში უშუალოდ ვმონაწილეობდი, პირადად მე გადავეცი რაციაზე, რომ მისი ავტომანქანა დარღვევით მოძრაობდა.

_ რა მოხდა რეალურად ეკა ყურშიტაშვილის შემთხვევაში?

_ მე და ჩემი მეწყვილე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ყაზბეგის გამზირზე ვპატრულირებდით, ყურშიტაშვილიც ამ ქუჩაზე მოძრაობდა. იგი პატრულს ხშირად დასცინოდა და იგდებდა. ბოლო შემთხვევის დროს ტელეფონზე ლაპარაკობდა, გაჩერება დავუპირეთ და შუა თითი გვიჩვენა. მე რაციაზე გადავეცი, რომ ესა და ეს ნომერი დარღვევით მოძრაობდა, რის შემდეგაც ის ჩემმა კოლეგამ გააჩერა. რაც მერე მოხდა, საზოგადოებამ იცის. რაციაში ვისი ხმაც ისმის, ცამეტი ვარო, ეგ არის ზურა რუხაძე. ის ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. სწორედ მისი მოთხოვნით გაუშვეს ეკა დაჯარიმების გარეშე. ამ შემთხვევაზე დაგვიბარეს ახსნა-განმარტების დასაწერად, თითქოს მანდილოსანს ვაწუხებდით. მეორე დღეს ეკას ჩანაწერი ვაჩვენეთ ქალაქის სამმართველოს უფროსს, შალვა ბარელაძეს. მისგან არ ყოფილა გაფრთხილების ტონი, პირიქით, როცა ყურშიტაშვილის ქცევებს, უყურა, გვკითხა კიდეც, _ რატომ არ დააკავეთო? ავუხსენით, რომ საქმეში რუხაძე ჩაერია და მისი მოთხოვნით გავუშვით ჯარიმის გარეშე. თუმცა დარწმუნებული ვარ, ის კადრები რომ არ ყოფილიყო, მე და ჩემს მეწყვილეს მაშინვე გაგვათავისუფლებდნენ. ბარელაძესთან შეხვედრის შემდეგ დაგვიბარა ცინარიძემ, გვესაუბრა.  ვინაიდან კადრები გვქონდა, ტონიც შესაბამისად დაბალი იყო, _ ჩემს ინსპექტორებს არავის დავაჩაგვრინებო, _ გვითხრა იქიდან გამოსულებს. შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ჩვეულებრივ გავაგრძელებდით მუშაობას. თუმცა ცინარიძემ გვითხრა, რომ ეკას მათთვის სასარგებლო ინფორმაციები მიჰქონდა, ამიტომაც არ აჯარიმებდნენ ხშირად.

_ გიორგი, რა გამოდის, ეკა პოლიციის ინფორმატორი იყო?

_ თავად ასე აგვიხსნა მიზეზი. არ ვიცი, რამდენად სასარგებლო ინფორმაციები მიჰქონდა პოლიციაში ეკა ყურშიტაშვილს, მაგრამ ცინარიძემ ასე გვითხრა.

დაახლოებით ორ დღეში მოხდა ღამის კადრების გადაღება. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყურშიტაშვილს წინა დღეებში გადაღებული კადრები ნანახი ჰქონდა. მოხდა ჩაწერა, დაჯარიმება და ამის შემდეგ უკვე დაგვიბარეს ზვიად ჯანყარაშვილთან. იქ ჩემი მეწყვილე წაიყვანეს. ზუსტად რა საუბარი იყო, არ ვიცი, მაგრამ ამის შემდეგ დავრჩი მარტო. ჯანყარაშვილისა და ცინარიძის წყალობით ფაქტია, რომ ეკა ყურშიტაშვილს საპატრულო პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ფაქტობრივად, შერჩა.

_ გიორგი, კიდევ რა კადრები გაქვთ? კონკრეტულად, რომელ მაღალჩინოსნებზე?

_ საკუთარი კამერით მყავს გადაღებული „სუსის“ თანამშრომლები, რომლებიც კლუბიდან გამოყვანილ ჩვეულებრივ მოქალაქეებს სცემენ. კადრებია, სადაც ჩანს მანქანის ნომრები და მათი სახეები, ეს საქმე იმ ღამესვე ჩაიფარცხა, არადა, სამსახურებრივი მოვალეობის აშკარად გადამეტებას ჰქონდა ადგილი, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციის თანამშრომლებმა რიგითი მოქალაქეები უმოწყალოდ სცემეს. კამერაში ჩანს ნაცემი მოქალაქეები, ჩანს ის თანამშრომელიც, რომელიც უშუალოდ მიმითითებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დავაკავო ნაცემი მოქალაქეები, რომლის საფუძველიც იქ არ იყო. კადრებში ჩანს, რომ ვითხოვ გენერალურ ინსპექციას.კადრებში ჩანს ოპერაციის ორგანიზატორი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი დავით მიქიაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=pw53IclnN98

შემთხვევა პირველი არხის წინ მდებარე ღამის კლუბში მოხდა, იქვე პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს ნაცემი მოქალაქეები, დააწერინეს ახსნა-განმარტება, რომ პრეტენზია არავისთან ჰქონდათ. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც კადრში ნაცემი ჩანს, მობილურით ჩხუბის ვიდეოკადრები გადაიღო და პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა წაუშალეს (რედ: კადრში ჩანს ისანი-სამგორის „კუდის“ ყოფილი თანამშრომელი, ილია შენგელია, რომელიც ამჟამად მთაწმინდის „სუსის“ განყოფილებაში მუშაობს და სწორედ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბარში მოქალაქეები სცემა).

https://www.youtube.com/watch?v=H-9kwbRDOyI

“თაიმერის” სკანდალური ვიდეოს სრული ვერსია მონტაჟის გარეშე

https://www.youtube.com/watch?v=_WcXlvI6WVU

“თაიმერის” სკანდალური ვიდეოს სრული ვერსია მონტაჟის გარეშე

https://www.youtube.com/watch?v=EL1VdKhJnNI

“თაიმერის” სკანდალური ვიდეოს სრული ვერსია მონტაჟის გარეშე

https://www.youtube.com/watch?v=B8ZYlkyzpoM

“თაიმერის” სკანდალური ვიდეოს სრული ვერსია მონტაჟის გარეშე

 

https://www.youtube.com/watch?v=pw53IclnN98

_ გიორგი, პირად საუბარში ახსენეთ, რომ ლევან იზორიას ძმის კადრებიც გაქვთ…

_ დიახ, კადრები მაქვს, ლევან იზორიას ძმა გავაჩერეთ. ვერაფერზე დავდებ თავს, მაგრამ აშკარად არაადეკვატურად იქცეოდა. მთვრალი იყო თუ წამლის ზემოქმედების ქვეშ, არ ვიცი, ვერ დავადასტურებ. ე. წ. სპეცსაშვი, „ნარუშილოვკა“ მომაწოდა და იძულებული გავხდი, ამის საფუძველზე გამეშვა.

https://www.youtube.com/watch?v=VJW7PGz6j-k

სპეცსაშვს აძლევენ ოპერატიულ თანამშრომელს, კონკრეტული ოპერატიული დავალების შესრულების დროს. კერძო პირის ხელში მსგავსი საშვების მოხვედრა დანაშაულია, რადგან ამ დროს პატრულ-ინსპექტორს არ შეუძლია თანმხლები პირების ვინაობის დადგენა, ავტომანქანის ჩხრეკა. არადა, მე არაერთი კადრი მაქვს გადაღებული, როცა მოქალაქეები წარმოადგენენ ამ საშვს. კადრებში ჩანს, რამდენად ოპერატიულ დავალებებზე არიან ეს ადამიანები. კურიოზიც მქონდა: პეკინზე ორი გოგონა იდგა დარღვევით, უნდა დამეჯარიმებინა, საბუთების წარდგენა მოვთხოვე, შემეხვეწა, არ დამაჯარიმოო, მერე უცებ გაახსენდა, _ ეს საბუთი რომ გიჩვენოო? _ და სპეცსაშვი მომაწოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არც იცოდა, რა მომცა. მე შიდა წესდება მავალდებულებს, „ნარუშილოვკის“ წარდგენის შემთხვევაში ზედმეტი კითხვები არ დავსვა, ჯარიმა არ გამოვწერო და წარმდგენი გავუშვა. სხვა შემთხვევაში სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადავაჭარბებ.

https://www.youtube.com/watch?v=aE2EcIR3Ops

“თაიმერის” სკანდალური ვიდეოს სრული ვერსია მონტაჟის გარეშე

https://youtu.be/lMxflUVY0_A

“თაიმერის” სკანდალური ვიდეოს სრული ვერსია მონტაჟის გარეშე

https://www.youtube.com/watch?v=gswmnV4D0QA

_ აღნიშნულ დარღვევებზე ზემდგომს არ ესაუბრებოდით?

_ ჩემს სათქმელს მუდამ ხმამაღლა ვაფიქსირებდი, თუმცა ზემდგომთან თქმას აზრიც არ ჰქონდა. ჩემი ოცმეთაური ბერას ტრაილერის მძღოლი იყო, კახაბერ მაჭარაშვილი და მისი სტუდიისთვის აპარატურა გადაჰქონდა. იმდენად არაკომპეტენტური იყო, ბევრჯერ მისი მისაღები გადაწყვეტილება მე მიმიღია. თუმცა ის დღესაც დიდუბის რაიონის 20-მეთაურია.

https://www.youtube.com/watch?v=aE2EcIR3Opsადამიანი ნოემბერში მოვიდა სამსახურში უმცროს ლეიტენანტად, აპრილში უკვე ლეიტენანტი გახდა და სექტემბერში _ მაიორი. არადა, სამსახურებრივად არაფერი გაუკეთებია. მე ერთხელ იარაღი ამოვიღე და ეტყობა, მას ერთი ვარსკვლავი აჩუქეს. სამი წოდება მიიღო აპრილიდან სექტემბრამდე, მხოლოდ იმიტომ, რომ ბერას ტრაილერის მძღოლი იყო. მეტი უსამართლობა რაღა გინდათ?! მერაბიშვილი ყოველთვის ამბობდა, „ჩესტი“ არ ამიღოთ, მე სამხედრო პირი არ ვარო, მოვიდოდა, ხელს ჩამოგვართმევდა, აქ კიდევ იყო შემთხვევა, როცა ზვიად ჯანყარაშვილი თანამშრომლებს მაგიდაზე ფეხებშემოდებული ელაპარაკებოდა.

_ გიორგი, რა გახდა სამსახურიდან თქვენი წამოსვლის მიზეზი?

_ ჩემი მეგობრის ქორწილში ვიყავი, ბევრი მაღალჩინოსანი იყო. მეორე დღეს, 24 ნოემბერს, სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, წამიყვანეს გენერალურ ინსპექციაში. საუბარი დაიწყო იმით, რომ მე ქორწილში მარიხუანა მოვიხმარე. ცხადია, უარი ვთქვი. იქ დიალოგი წავიდა: თუ გინდა, რომ გადარჩე, თქვი, ვისთან ერთად მოწიე, აღიარე, თუ გინდა, რომ ყველაფერი მარტივად დასრულდესო… რაზეც არ დავეთანხმე. იქვე, გენერალურ ინსპექციაში ამიღეს შარდის ანალიზი და პასუხი იყო უარყოფითი. გაუკვირდათ. მერე უფროსმა მითხრა, რომ სჯობდა, მეღიარებინა და საქმე წყნარად მოგვარდებოდა. გადავედით დიღომში, ნარკოლოგიურში. უფრო ჩემი კოლეგების გასაგონად მინდა ვთქვა და ადვილად მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ: დღის ორი საათი იყო, ჩემ გარდა ნარკოლოგიურში არავინ იყო. დამხვდა რამდენიმე ადამიანი უნიფორმის გარეშე, არც ექსპერტები იყვნენ. მომთხოვეს შარდის ანალიზი. გაუკეთეს ტესტები, ერთ-ერთმა ტესტმა მკრთალად აჩვენა არც დადებითი და არც უარყოფითი. შემდეგ მოდის ჩემთან ქალბატონი, ასევე უნიფორმის გარეშე. დაჯდა ჩემ წინ და მეუბნება, _ შეხედე ამ ტესტს, მე ამაზე მივცემდი დადებითსო. მივხვდი, რომ განწირული ვიყავი. წამიყვანეს სასამართლოში, დამაჯარიმეს და სამსახური დავტოვე.

ქორწილში, სადაც იყო ქალაქის სამმართველოს უფროსი ბარელაძე, ჩემი ოცმეთაურით დაწყებული, ყველა მაღალჩინოსნით დამთავრებული, მარიხუანას რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი მოიხმარდა? იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ რამეს ვაპროტესტებდი და ბევრ რამეზე ხმამაღლა ვლაპარაკობდი, ბევრ უსამართლობას ვხედავდი, არ დამინდეს და საქმე შემიკერეს. ჩვენ  პოლიციელები კი არა, მოსამსახურე პერსონალი უფრო ვიყავით.

_ პატრული ხშირად უბრალო სერვისის მიმწოდებელი გახდაო, კონკრეტულად რა იგულისხმეთ სერვისის მიწოდებაში?

_ ბევრ უსამართლობას ჰქონდა ადგილი და ამას ხმამაღლა ვაპროტესტებდი. მაგალითად, როდესაც ქალაქის სამმართველოს უფროსის, შალვა ბარელაძის ნათლულს ბაბუა გარდაეცვალა, მცხეთის ქუჩაზე ვიდექით  და ჭირისუფლებს მანქანების დაყენებაში ვეხმარებოდით, გზას ვათავისუფლებდით, საცობი რომ არ შეექმნათ. ცინარიძის ძმის ქორწილში, რომელიც 2013 წლის თებერვალსა თუ მარტში რესტორან „ბერმუხაში“ გადაიხადა, ეკიპაჟებს გვევალებოდა, რესტორნიდან გამოსული ყველა ნასვამი სტუმარი სახლამდე მიგვეცილებინა. სხვათა შორის, ზურა რუხაძე ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. მე პირადად „აუდის ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორია მქონდა ჩაბარებული.აქედან გაჩდა კოდური სიტყვა “ბერმუხა”

პოლიციელი მუდმივად უნდა გრძნობდეს გვერდით დგომას მისი ხელმძღვანელობისგან, ბევრი ჩვენგანი უშიშრად არ გრძნობს თავს. დამკვიდრდა დაუსჯელობის სინდრომი, ყოფილა შემთხვევა, რომ „ოცნების“ აქტივისტი იყო და უფლება ჰქონდა, როგორც თავად გაუხარდებოდა, ისე მოქცეულიყო, რასაც ჩვენი მხრიდან რეაგირება თუ მოჰყვებოდა, შეიძლებოდა აქეთ შემოგვბრუნებოდა. აქედან გამომდინარე, პოლიცია ნელ-ნელა  ხდება უუნარო და მთავარი ამოცანაა, დღე კონფლიქტების გარეშე დასრულდეს.

_ რა სხვაობაა დღევანდელსა და წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის?

_ ახლა დიდი სიამაყით რომ ამბობენ, ეკიპაჟები გავზარდეთო, ისევ ჩვენს ხარჯზე, _ გაზრდილ ეკიპაჟებს ხალხი არ ჰყავდა, ჩვენ გვამუშავებდნენ დამატებით საათებს. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არანაირი ყურადღება, არც ანაზღაურება, არც უბრალო მადლობა, ჩვენივე ხელფასით ვწევდით ყოველგვარ ხარჯს; მერაბიშვილის დროს კი პრემიებიც იყო, სტიმულიც იყო, რომ უკეთესად შეგესრულებინა საკუთარი მოვალეობა. კურიოზული ფაქტი მინდა მოგიყვეთ: ადრე ფორმებს ყოველ სეზონზე გვირიგებდნენ. როცა ფორმები შეგვიცვალეს, გრძელსახელოიანი პერანგები დაგვირიგეს. მოვიდა ზაფხული, დაგვცხა, მოვიკითხეთ ფორმები, მოგვცეს მითითება, რომ მკლავები გადაგვეჭრა და პერანგები მოკლესახელოებიანებად ვაქციეთ. მოვიდა ზამთარი, ველოდებით ახალ ფორმას, მოგვთხოვეს გადაჭრილი მკლავების უკან მიტანა. ეტყობა, ქსოვილი შემოაკლდათ. პოლიცია არაპროფესიონალებითაა სავსე. შიგნით ყველაფერი მორღვეული და მოშლილია.

_ გიორგი, რა ხდება შენს ცხოვრებაში სამსახურიდან წამოსვლის მერე?

_ ჩემს ცხოვრებაში ყოველდღე არაორდინალური ამბები ხდება: მითვალთვალებენ, ტელეფონზე მუდმივად მისმენენ, სახლთანაც ხშირად ჩნდებიან, ოჯახის უსაფრთხოების მიზნით მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყნიდან წავიდე. ამ ინტერვიუს მერე კიდევ უფრო ბევრი პრობლემა შემექმნება, ბოლოს და ბოლოს, ერთი ნაბიჯი მაშორებს სისხლის სამართლის დანაშაულამდე, ისევ რომ გამიმკრთალონ ტესტი. ერთი რამ მინდა ყველამ იცოდეს: მარიხუანა არ მომიწევია, საქმე შემიკერეს და პოლიციიდან ისე დამითხოვეს. აღარ გავრისკე, არ ვიცი, სადამდე წავიდოდნენ და ვარჩიე, აქ დამესრულებინა. ამ ინტერვიუს შემდეგ, ალბათ, ჩემ გარშემო სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, ამიტომ მინდა, საზოგადოებას ეს ინფორმაცია მივაწოდო, იცოდნენ, როგორია რეალობა და ვის ხელშია ერთ დროს საამაყო პატრული. ჩემს კოლეგებს ვუსურვებ გამძლეობას! იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. საინფორმაციო სააგენტო “თაიმერს” დიდი მადლობა ასეთი თანადგომისთვის.

 

ავტორი: ბერდია  კალანდია

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი”

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,აფხაზები და ქართველები, უნდა გავთავისუფლდეთ სიძულვილის მარწუხებისგან”
შემდეგი სტატია“თაიმერის” სკანდალური ინფორმაცია რამდენიმე წუთში–სრული ვერსია