შსს-ს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის.

კერძოდ, ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის დღე.

ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდაზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დროებით შეჩერებულია ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურა, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე.

ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით.

ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

28 ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ ჯალაღონია: გახსენით საველე ჰოსპიტლები, დასაწყისში ერთი თბილისში მაინც
შემდეგი სტატიალევან რატიანი – კახი კავსაძესთან კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება