“შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობა” და “რესპუბლიკური პარტია” გაერთიანდნენ”

“დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, არჩევნებისთვის, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობა” და “რესპუბლიკური პარტია” გაერთიანდნენ.

 

“პირველ პრესკლუბში” გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ შეხედულებებით აღნიშნული პარტიები ერთმანეთთან ყველაზე ახლოს დგანან,  რის გამოც მათი გაერთიანება წინასაარჩევნოდ, გამორიცხული არ არის.
“ის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში,  ქვეყნის დემოკრატიისთვის ძალიან კარგია. ეს ქვეყნისთვის სრულიად ახალი ეტაპია. გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული კოალიციური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს არჩევნებამდეც და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც კოალიციას ჩაეხსნენ, ბუნებრივია, დაიწყებენ ძებნას იმ პარტნიორების, რომლებსაც ბარიერის გადალახვის უზრუნველყოფა შეუძლიათ. იდეოლოგიურად და მსოფლმხედველობრივად, მიზიდულობის ძალა „რესპუბლიკურ პარტიას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვს. როგორც არ უნდა იყოს მცდელობა, რომ მათ ერთმანეთისგან დისტანცირება მოახდინონ, არ გამოვრიცხავ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ “ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაებას და მისი იმედით სცადოს, უკვე მეორედ პარლამენტში შესვლა. შესაბამისად, კოალიციების ჩამოყალიბება არჩევნებამდე არ არის გამორიცხული”, – განაცხადა ახვლედიანმა.