შესაძლოა, არსებობდეს პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ არსებობს უტყუარი ფაქტებიც დანაშაულის თაობაზე – ვოლსკი გვარამიას საქმეზე

შეიძლება სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ პოლიტიკურ ხელისუფლებებს, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებს – არსებობს პოზიცია, სასამართლოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ნიკა გვარამიას პატიმრობაზე აშშ-ის საელჩოს და ევროკომისიის საგარეო ქმედებათა კომიტეტის განცხადებებს.

ვოლსკის თქმით, შესაძლოა, არსებობდეს პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ არსებობს უტყუარი ფაქტებიც დანაშაულის თაობაზე.

„საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ფაქტი, შეიძლება ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ პოლიტიკურ ხელისუფლებებს, მათ შორის, აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებს. შესაძლოა, ჰქონდეთ პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ არსებობს სასამართლო და ფაქტები, რომლებიც უტყუარია, აქედან გამომდინარე უნდა იმსჯელოს ნებისმიერმა ჩვენმა მოკეთემ თუ მოყვარემ. ვფიქრობ, არასწორია მსჯელობა, რომ მედია მენეჯერობა ნიშნავს იმას, რომ გაქვს ინდულგენცია ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის ასარიდებლად. არსებობს პოზიცია, სასამართლოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების უფლების გამოყენებას, ვოლსკი აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა დანაშაულის არსებობა უნდა მიიღოს მხედველობაში. მისივე თქმით, შეწყალება არ იქნება აღქმული როგორც სიგნალი დეპოლარიზაციისთვის და ეს გააძლიერებს „დესტრუქციულ ძალებს“.

„სალომე ზურაბიშვილმა პირველ რიგში უნდა შეაფასოს დანაშაულის არსებობის საკითხი და საზოგადოებრივი განწყობებიც უნდა მიიღოს მხედველობაში. როცა დანაშაული არის ჩადენილი, არ შეიძლება გარკვეული სტანდარტით იხელმძღვანელო, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მიერ არის შემოთავაზებული, თითქოს ეს ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ვერანაირად ვერ იქნება რადიკალური ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მისი შესაძლო გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ, როგორც სიგნალი დეპოლარიზაციისთვის, პირიქით, ეს გაამყარებს დესტრუქციული ძალების პოზიციას და ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი ქვეყანაში, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმუხიანის აგარაკებზე, გრემის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
შემდეგი სტატიაშარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ