საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხ ქვეყანაში ახალი ელჩების კანდიდატურები წარადგინა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კანდიდატურა წარდგენილია ასევე ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე წარდგენილი იქნა დავით დონდუას კანდიდატურა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობაზე თურქეთის რესპუბლიკაში წარდგენილი იქნა გიორგი ჯანჯაღავას, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკის, ხოლო ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძის კანდიდატურები.

აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე მთავრობის განკარგულებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 5 ოქტომბერს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში6 და 7 ოქტომბერს დედაქალაქი „თბილისობას“ იზეიმებს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : რუსეთის ოფიციალური პირები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ბინძურ კამპანიაში არიან ჩართული