საქართველოს ელჩი ბულგარეთში: დედა სოხუმელი მყავს, ბავშვობაში და 1992 წლის აგვისტოში სოხუმში ვიყავი 

დონალდ რამსფელდი, სედრიკ სუზმანი (საერთაშორისო კვლევების ცენტრის SCIS უფროსი) და თამუნა ლილუაშვილი, აშშ, 2005 წ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში არაერთი დიპლომატია წარმოშობით აფხაზეთიდან – ჩვენი ქვეყნის ულამაზესი და განუყოფელი ისტორიული მხარედან. მათთვის დიპლომატიური მოღვაწეობა  სხვადასხვა ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ერთიანობის მიმართულებით დამატებით განცდებთანაა დაკავშირებული – 1993 წლამდე მათი და  ოჯახის წევრების და ნათესავების ცხოვრებასთან სოხუმში, გაგრაში, გუდაუთაში, გულრიფშში,  ტყვარჩელში, ოჩამჩირესა და გალის რაიონებში. ეს მათვის არის დამატებითი მოტივაცია აქტიური მოღვაწეობისთვის. ზოგ მათგანს დიდი ხანია ვიცნობ, ზოგი ბოლო წლებში გავიცანი.

დონალდ რამსფელდი, სედრიკ სუზმანი (საერთაშორისო კვლევების ცენტრის SCIS უფროსი) და თამუნა ლილუაშვილი, აშშ, 2005 წ

2019  წლის ივლისში ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში (U-15) საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეექვსე ადგილი დაიკავა – ეს იყო ჩვენი წყალბურთელთა ნაკრებებების საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთში და ჩრდ. მაკედონიაში (რეზიდენცია  სოფიაში) თამუნა ლილუაშვილი, საელჩოს მეორე მდივანი ვაჟა გვარამია და ქართული დიასპორის რამდენიმე წევრი სპეციალურად ჩამოვიდნენ სოფიადან ბურგასში (კვირა  დღე იყო) და აქტიურად უქომაგეს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს რუსეთთან მატჩში (9:9). იმ შეხვედრას მეც ვესწრებოდი- წინასწარ ჩავედი ბურგასში სოხუმელთან დავით კვარაცხელიასთან ( ბულგარეთის, ბალკანეთის ქვეყნებისა და ევროპის ჩემპიონი ავტორალიში) ერთად, დავითი 1993 წლის ბოლოდან ვარნაში ცხოვრობს. ჩვენ სოფიადან ჩამოსულ დიპლომატებთან და დიასპორის წევრებთან ერთად  ვამხნევებდით ჩვენ წყალბურთელებს, რომლებმაც გაგვახარეს იმ ჩემპიონატში: საქართველოს ნაკრებმა  დაიკავა მეექვსე ადგილი,უკან მოიტოვა ესპანეთი, ხორვატია და  რუსეთი (შესაბამისად მეშვიდე, მერვე და მეცხრე ადგილები). იმ დროს ევროპულმა პრესამაც აღნიშნა ჩვენი ნაკრების  დიდი წარმატება. ბურგასში შეხვედრის დროს  ქალბატონმა თამუნამა მე და დათო კვარაცხელიას დიდი სიამაყით გვითხრა, რომ დედამისი სოხუმელია,  რომ ბავშვობის დიდი ნაწილი სოხუმში აქვს გატარებული – ზაფხულობით და ზამთრის არდადაგეგებზე ჩადიოდა თბილისიდან სოხუმში,  სადაც ცხოვრობდნენ ბებია, ბაბუა და ნათესავები დედის მხრიდან. მან აღნიშნა, რომ  საკმაოდ კარგად იყო ჩახედული იმ სიტუაციაში რაც იყო აფხაზეთში 1992 -1993 წწ ომამდე.

 შემდეგ დროდადრო ვაკვირდებოდი საქართველოს საელჩოს და თამუნა ლილუაშვილის მუშაობას ბულგარეთში და ჩრდ. მაკედონიაში, ვხედავდი მათ აქტიურ მოღვაწეობას  ამ ქვეყნების  წარმომადგენლებთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისთვის და იმას, თუ როგორ წარადგენდნენ  საქართველოს და ჩვენ პრობლემებს ამ ქვეყნების მასმედიასა და საზოგადოებაში, იმას, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ  მცირერიცხოვან ქართულ დიასპორებთან ამ ქვეყნებში. 2020 წლის ოქტომბერში როცა ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ჩავიდა ჩრდ. მაკედონიაში ერთა ლიგის მატჩზე ( შეხვედრა დასრულდა ფრედ 1:1), ქ-ნი თამუნა იმყოფებოდა სკოპიეში, როგორც შეეძლო გაამხნევა ჩვენი დელეგაცია, ჩვენი  ნაკრები, და  რამდენიმე ქართველთან ერთად უქომაგა საქართველოს ნაკრებს. როცა ბულგარეთში ჩადიან საქართველოს დელეგაციები  სპორტის და კულტურის სფეროში და თუ ამის შესახებ იცის ჩვენმა საელჩომ, ჩვენი დიპლომატები შეძლებისგვრადად აქცევენ მათ  ყურადღებას. ასეც უნდა იყოს.

 ჩემი განსაკუთრებული ინტერესი ქ-ნი თამუნას  და ჩვენი საელჩოს მოღვაწეობით იმით იყო განპირობებული რომ თავის გამოსვლებში, ინტერვიუებსა და აქტივობებში სოციალურ ქსელებში ელჩი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ერთიანობის თემატიკას, რაც ნამდვილად მისასალმებელია.  რამდენიმეჯერ მქონდა მცდელობა ამეღო ინტერვიუ ქ-ნ თამუნაისგან, თუმცა არ მთანხმდებოდა და  მპასუხობდა: ისეთ არაფერს ვაკეთებთ, რომ საჭირო იყოს მისი და საელჩოს აქტივობის ფართო გაშუქება. ამასწინათ კიდევ ერთხელ ვთხოვე ინტერვიუ და ვუთხარი – გვიახლოვდება 27 სექტემბერი, რუსეთის მიერ სოხუმის ფაქტიური ოკუპაციის დღე (1993 წ. 27 სექტემბერი),  მინდა რომ გაიხსენოთ სოხუმში ცხოვრების პერიოდი, ომის დასაწყისი, ის თუ როგორ აქტიურობდით  საქართველოს ერთიანობის მიმართულებით 1993-2007 წლებში აშშ-ში ცხოვრების დროს და შემდგომ პერიოდში.

მხოლოდ ამის შემდეგ დამთანხმდა ქ-ნი თამუნაი ინტერვიუზე.

 

– დედათქვენი  სოხუმელია, ხშირად ჩადიოდით თბილისიდან სოხუმში?

სოხუმი, თ. ლილუაშვილი ბებია-ბაბუასთან,1978 წ.შემოდგომა

– დედაჩემი ლალი დანელია დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, მათი ოჯახი ცხოვრობდა ძიძარიას ქუჩაზე.  დაამთავრა მე-17 საშუალო სკოლა, სადაც მოგიანებით თქვენც სწავლობდით, ბატონო თენგიზ.  სკოლის დამთავრების შემდეგ დედაჩემი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ ფაკულტეტზე, თბილისში გაიცნო მამაჩემი ლევან ლილუაშვილი (თითქმის ორმოცი წელი მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ). მე  დავიბადე 1978 წლის  27 იანვარს თბილისში, მყავს უმცროსი და ეკა, ზოგიერთი თქვენი კოლეგის საყურადღებოდ დავძენ – ძმა არ მყავს.  ბავშვობის  დიდი ნაწილი მე და ეკამ სოხუმში გავატარეთ – ზაფხულის, საშემოდგომო და ზამთრის არდადაგებზე სულ სოხუმში ჩავდიოდით, სადაც ცხოვრობდნენ ბაბუა და ბებია, ნათესავები დედის მხრიდან. დეიდაჩემი ირინა დანელია, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი სოხუმში  მუშაობდა უნივერსიტეტში (ომის შემდეგ დღემდე არის თბილისში დევნილობაში მოქმედი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი), მისგან  საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვიღებდი სოხუმში და მთლიანად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ  სიტუაციაზე, იმაზე, თუ რა ხდებოდა იქ 1960-1970 წწ, როცა კრემლის მიერ წაქეზებული  სეპარატისტული ძალები აწყობდნენ აქციებს ( 1967, 1978 და 1988-89 წწ) , მათი მიზანი საქართვლოსგან აფხაზეთის ჩამოშორება იყო. 1988  წლამდე პრესა, ტელევიზია და რადიო  სსრკ-ში, მათ შორის საქართველოში,   ცენზურის ქვეშ იყო და ამიტომ, ინფორმაციის მიღების ერთერთი წყარო იყვნენ ის ადამიანები, ვინც ცხოვრობდა და მუშაობდა სოხუმში და უფრო ჩახედული იყო ადგილობრივ სიტუაციებში, მათ შორის იყვნენ ჩემი ნათესავები.

თ. ლილუაშვილი კონფერენციებზე

მახსოვს 1989 წლის ივლისის პირველი სისხლიანი შეტაკებები სოხუმში, რომლის შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრნენ ქართველებიც და აფხაზებიც, ეს ყველაფერი  სსრკ ცენტრალური ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული. იმ დროს ერთიანი საქართველოს ინტერესების დაცვაში მშვიდობიანად ჩართული იყვნენ ჩემი სოხუმელი ნათესავებიც. იმ ამბების შემდეგ ჩემი ინტერესი აფხაზეთში შექმნილი ვითარებისადმი  უფრო გაძლიერდა, 11-12 წლის ვიყავი და მაინტერესებდა, რისთვის სჭირდებოდა მოსკოვს ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირება, მაშინ როცა რეალურ ცხოვრებაში  ბევრი აფხაზი და ქართველი მეგობრობდა, ბევრი იყო შერეული ოჯახი.

 

სოხუმში იყავით 1992 წლის აგვისტოში, როდესაც ფაქტიურად დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი?

სოხუმი, 1981 წ., 3 წლის თ. ლილუაშვილი

-დიახ, სოხუმში ვიყავი ივლის-აგვისტო, 14 წლის ვიყავი, ნათესავებთან ერთად დავდიოდი ზღვაზე, ბიჭვინთაში, რასაკვირველია,  იგრძნობოდა დაძაბული ვითარება, თუმცა მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობდა რომ ომამდე საქმე არ მივიდოდა. ვკითხულობდი გაზეთებს, ვუყურებდით ტელეგადაცემებს, ახლობლებისგან ვიგებდით დამატებით ინფორმაციებს. 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო  შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მალე გადაიზარდა ფართომასშტაბიან ომში რუსეთსა და საქართველოს შორის.

ჩვენ ვიმყოფებოდით სოხუმში, მამაჩემი თბილისიდან სოხუმში ჩამოფრინდა. უკან მანქანით დაბრუნება 1992 წ. აგვისტოს მეორე ნახევარში  საშიში იყო, სახიფათო იყო ავტომაგისტრალის ოჩამჩირის მონაკვეთი. ამიტომ მამა, მე და ეკა  სოხუმის აეროპორტიდან  გამოვფრინდით თბილისში. სანამ ბაბუშერას აეროპორტში ( 15 კმ სოხუმიდან) მივიდოდით მანქანით, ცრემლები მომერია, ვწუხდი, ჩემ ულამაზეს კუთხეში ომის დაწყებას, რომლის დასრულების პერსპექტივებზე იმ დროს  ვერავინ ვერაფერს იტყოდა( დეტალები 1992-1993 წწ ომის შესახებ იხილეთ  თ.პაჭკორიას სტატიაში

https://www.timer.ge/14-08-1992-rogor-mtsipdeboda-ruseth-saqarthvelos-omi/. -რედ.)

 

– ამის შემდეგ თქვენ აღარ ყოფილხართ სოხუმში?

– მამამ გადაწყვიტა, რომ 14 წლის უფროსი ქალიშვილი (მე) გაერიდებინა საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნისგან, რადგან მე ძალიან ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს. მან თავისი მეგობრებისა და ახლობლების მეშვეობით მოახერხა ჩემი გაგზავნა აშშ-ში სასწავლებლად, მივიღე ვიზა და გავფრინდი შტატ ჯორჯიაში, ატლანტაში, სადაც ვსწავლობდი 1992 წლის ოქტომბრიდან 1996 წლის ივნისამდე ადგილობრივ სკოლაში (IX-XII კლასები). მიუხედავად იმისა, რომ მამის ნაცნობები მივლიდნენ, მეხმარებოდნენ, რთული იყო ადაპტაცია. სულ მაინტერესებდა, რა ხდებოდა საქართველოში – თბილისსა ( მშობლები და ჩემი და იქ იყვნენ) და სოხუმში, სადაც ბებია, ბაბუა და ნათესავები ცხოვრობდნენ. ვარკვევდი თუ რა  გადაიცემოდა აშშ-ს ტელევიზიით, რადიოთი და პრესით  ომის შესახებ, თუმცა იმ დროს ინტერნეტი არ იყო და ამერიკული მასმედიაც ბევრს არ წერდა საქართველოზე, ამიტომ ტელეფონით ( დარეკვა თბილისში იოლი არ იყო )  ნათესავები და ახლობლები მიყვებოდნენ  აფხაზეთში მიმდინარე ომზე. სოხუმის შტურმისა და რუსეთის მიერ სოხუმის ფაქტიური ოკუპაციის შესახებ, რომელიც მოხდა 1993 წლის 27 სექტემბერს, მე გავიგე ამერიკის ტელეარხებიდან. ძალიან განვიცდიდი, როგორც მერე გავიგე, ბაბუაჩემი ჭიჭიკო დანელია სოხუმში იმ დროს შემთხვევით გადარჩენილა-ის ბოევიკებმა გაიყვანეს დასახვრეტად რამდენიმე მშვიდობიან ქართველ მოქალაქესთან ერთად, თუმცა ბაბუა იცნო მისმა ნაცნობმა აფხაზმა და გადაარჩინა. ამის შემდეგ ბაბუას მიუღია ინფარქტი, ის სოხუმში გარდაიცვალა,   ბებია მედეამ  მოგვიანებით მოახერხა სოხუმიდან თბილისში ჩამოსვლა.

 

— ატლანტაში სკოლის დასრულების შემდეგ თქვენ ამერიკაშდარჩით?

– დიახ, აშშ-ში ვცხოვრობდი 2007 წლამდე. სკოლის შემდეგ გავაგრძელე სწავლა,  ატლანტაში დავამთავრე აგნეს სკოტის კოლეჯი (Agnes Scott College)  საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობით და შემდგომ ბიზნესის, მარკეტინგის  და ვაჭრობის სპეციალობით,ვაშინგტონში – ამერიკული უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა (American University). 2001 -2007 წწ ვმუშაობდი ატლანტაში საერთაშორისო კვლევების სამხრეთ ცენტრში (SCIS), ვიყავი ამ ცენტრის დირექტორი, აქტიურად ვმონაწილეობდი იმ ღონისძიებებში, რომელიც ტარდებოდა აშშ-ში საქართველოს მხარდასაჭერად, ეტყობა ეს  შეამჩნიეს საქართველოს ხელისუფლებაში  და შემომთავაზეს დაბრუნება სამშობლოში-2007 წელს გავხდი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო (GNIA ) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე,  ერთ თვეში დირექტორად დავინიშნე ამ სააგენტოში.  2008 -2014 წწ ვიყავი RMG Rich Metals Group, საერთაშორისო სამთო კომპანია არ-ემ-ჯი  დირექტორის პირველი მოადგილე /დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,  2014-2017 წწ –  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო (GNIA)  საინვესტიციო მრჩეველი, 2017- 2018 წწ ვმუშაობდი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მრჩევლად. ამავე დროს ვაგრძელებდი სწავლას- 2011 -2014 ვსწავლობდი გრენობლის ბიზნესის სამაგისტრო სკოლაში, (Grenoble School of Business), 2018 წელს გავხდი დონალდ რამსფელდის სტიპენდიანტი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოში.

 

 დონალდ რამსფელდს  სად და როდის ხართ შენახვედრი?

– რამდენჯერმე ვარ შენახვედრი ბ-ნ დონალდ რამსფელდს (აშშ-ს თავდაცვის მინისტრი 1975-1976 და 2001-2006 წწ-ავტორი). ვსაუბრობდით საქართველოს ძირითად პრობლემებზე, საქართველოს ერთიანობის მშვიდობიან აღდგენაზე, საქართველოს მხარდაჭერაზე საერთაშორისო არენაზე. ეს თემები იყო და არის ჩემთვის პრიორიტეტული ყველა დონის შეხვედრებზე პოლიტიკოსებთან, სახელმწიფო მოღვაწეებთან, სენატორებთან, დეპუტატებთან, საზოგადო მოღვაწეებთან. სხვადასხვა დროს შევხვედრილვარ ჰენრი კისინჯერს, მადლენ ოლბრაიტს, კოლინ პაუელს და ჰილარი კლინტონს ( აშშ-ს სახელმწიფო მდივნები შესაბამისად 1973-77, 1997-2001, 2001-2005 და 2009-2013 წწ-ავტორი), ევროპისა და აზიის ქვეყნების  სახელმწიფო მოღვაწეებს.  გულით სულ სოხუმში ვარ,  ეს მაძლევს ძალას და სტიმულს რომ ვიყო უფრო აქტიური  მოღვაწეობაში. მჯერა, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით გაერთიანდება, ასეთი ლეიტმოტივით ვზრდი ჩემ ორ შვილს – 7 წლის ალექსანდრეს და 4 წლის ანასტასიას, ასეა განწყობილი ჩემი მეუღლე გოჩა ქათამაძე, ჩემი ახლობლები, ნათესავები, მეგობრები. დარწმუნებული ვარ, დადგება  საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების დღე, დრო, როცა  ქართველები, აფხაზები და სხვა ეროვნების ადამიანები ერთად იცხოვრებენ აფხაზეთში-საქართველოს ისტორიულად განუყოფელ მხარეში, რომელიც განვითარდება სწრაფი ტემპით და გახდება საქართველოს ერთერთ  წარმატებული რეგიონი, როცა სოხუმსა და გაგრაში გაიმართება საქართველოს ეროვნული ნაკრებების ( ფეხბურთი, წყალბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი და ა.შ.) საშინაო მატჩები ევროპისა და მსოფლიო ჩემპონატის შესარჩევ ციკლში. მოვა დრო, როცა ამ ნაკრებებში ითამაშებენ აფხაზი ეროვნების სპორტსმენებიც, როგორც 1950-1980 წწ. თამაშობდნენ ისინი საქართველოს საუკეთესო გუნდებში და იმ პერიოდში არსებულ ნაკრებებში.

 

იმედია, ჩვენი თაობა მოესწრება საქართველოს გაერთიანებას და ჩვენ , მათ შორის მე, დავბრუნდებიЕ მშობლიურ სოხუმში, რომელიც იძულებით დაგვატოვებინეს 1993 წელს.

მინდა გკითხოთ საქართველოსა და ბულგარეთის ურთიერთობაზე.

2018 წლის  ნოემბრიდან ვარ საქართელოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბულგარეთში, ხოლო ჩრდ. მაკედონიაში 2020 წელს ოფიციალურად მომენიჭა მაკედონიის გადაფარვის ნებართვა. როცა მე დავინიშნე ელჩად, ბულგარეთი იყო ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე. 2018 წლიდან ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მხრიდან მნიშვნელოვნად გააქტიურდა მუშაობა ეკონომიკური მიმართულებით. 2019 წლის გაზაფხულზე  სოფიაში ჩატარდა საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომლის თანათავმჯდომარე საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელი მინისტრი გიორგი ქობულია იყო. 2019 წლის აპრილში შედგა საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი, რომლის დროსაც გამართულ  შეხვედრებზე განხილვის ძირითადი საკითხი იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, კერძოდ, ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება.  2019 წლის 17-19 ივნისს შედგა პარლამენტის იმდროინდელი თავჯდომარის ირაკლი კობახიძის  ოფიციალური ვიზიტი სოფიაში. მიუხედავად პანდემიის მიერ დაგეგმილი ვიზიტებისთვის ხელის შეშლისა, საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ვიდეო კონფერენცია საქართველოსა და ბულგარეთის  სავაჭრო-სამრეწველო პალატების მონაწილეობით. ხელი მოეწერა ორი ქვეყნის შრომის სამინისტროებს შორის შეთანხმებას ლეგალური მიგრაციის შესახებ. ამ დოკუმენტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების ბულგარეთში სამუშაოდ ლეგალურად ჩამოსვლის პროცესის გამარტივებას. ამჟამად შეთანხმება გადის შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება მისი ძალაში შესვლა. საელჩოს ინიციატივით, შედგა ბულგარელი ჟურნალისტების, ბლოგერების, სატელევიზიო სახეების რამდენიმე ვიზიტი საქართველოში. მათ მასპინძლობდა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, საქართველოს დათვალიერებისა და გაცნობის შემდეგ არაერთი სტატია, სიუჟეტი თუ ვიდეო რგოლი იქნა გამოქვეყნებული ბულგარეთის მედიაში. ამან ხელი შეუწყო საქართველოს კულტურის, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის წარდგენას ბულგარეთში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პირდაპირი ავიარეისების დასანიშნად, განიხილება  მარშრუტები სოფია- თბილისი, ბურგასი-ბათუმი, ვარნა-ბათუმი.

ბულგარეთის მასმედიით ვცდილობთ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, პოლიტიკურ და საქმიან წრეებს საქართველოზე, ჩვენი ქვეყნის  ძირითად პრობლემებზე.  ამასწინათ ბულგარეთის წამყვანმა ონლაინ გამომცემლობა Bloombergtv გამოქვეყნა ინტერვიუ ჩემთან, სადაც ვისაუბრე  შავი ზღვის რეგიონსა და მისი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე,  რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებსა და საქართველოს ისტორიული და განუყოფელი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე, საქართველოსა და ბულგარეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, განსაკუთრებით ღვინის ტურიზმის მიმართულებით.

 

– მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ჩრდ. მაკედონიასა  და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედდა, ჩრდ. მაკედონია იყო ერთადერთი ქვეყანა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებიდან, რომელშიც  ჩვენი მოქალაქეები ვერ შედიოდნენ ვიზების გარეშე?
– ბოლო ორი წელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით. გაიმართა შეხვედრები ჩრდ. მაკედონიის შესაბამის უწყებებთან და მაღალი რანგის პირებთან, 2021 წ.მაისში შედგა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სკოპიეში. ვიზიტის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ შეთანმება უვიზო მიმოსვლის შესახებ  ხელს შეუწყობს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებას. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ხელი მოეწერა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას. ეს ნამდვილად  კარგი შესაძლებლობაა ჩვენ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის ყველა მიმართულებით, მათ შორის  ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმის და სპორტის სფეროებში.

– ვიცი, რომ ცდილობთ ყურადღება გამოიჩინოთ საქართველოს ნაკრებების მიმართ, რომლებიც ჩადიან შეჯიბრებებზე ბულგარეთში და ჩრდ. მაკედონიაში, აგრეთვე  იმ ჩვენი სპორტსმენების მიმართ, რომლებიც თამაშობენ ამ ქვეყნების კლუბებში. 2023 წ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ  ტურნირში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მოხვდა ერთ ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდ. მაკედონიასთან!

თ. ლილუაშვილი, თ. პაჭკორია და დ. კვარაცხელია საქართველოს წყალბურთელთა (U-15 )ნაკრების რუსეთთან თამაშის წინ, ბურგასი, 2019 წელი

– ვიცი, ვიცი, მომავალი წლის 24 თებერვალს  მათი პირველი მატჩია თბილისში, 27 თებერვალს – საპასუხო სკოპიეში. ჩრდ. მაკედონიაში  ცხოვრობს ამდენიმე ქართული ოჯახი, აგრეთვე იქ (კლუბებში )თამაშობენ ჩვენი ხელბურთელები,  იმედია, იქ და ახლომდებარე ქვენებში მცხოვრები ჩვენი თანამემაულეები და საქართველოდან ჩამოსული ფანები სკოპიეში ჩვენ დიპლომატებთან ერთად უქომაგებენ ჩვენ ნაკრება. რადგან საუბარი კალათბურთს შეეხო,მინდა გითხრათ, რომ აშშ-ში ცხოვრების დროს  შეძლებისგვარად ჩემ ახლობლებთან ვესწრებოდით  ნბა-ს იმ კლუბების მატჩებს, სადაც ასპარეზობდნენ ვოვა სტეფანია ( თამაშობდა ნბა-ს გუნდებში 1998-2004 წწ) და ზაზა ფაჩულია ( ნბა-ს გუნდებში  გამოდიოდა 2003-2019 წწ), იმ დროს გავიცანით  ჩვენი კალათბურთელები და ვქომაგობდით მათ. მე კარგად მესმის სპორტის მნიშვნელობა საქართველოსთვის,  ქვეყნის განვითარებისთვის და ცნობადობისთვის, მილიონობით ადამიანისთვის, რომლებსაც წარმატებები სპორტში ახარებს და ცოტათი მაინც  უმსუბუქებს პრობლემებს. სპორტი აძლევს საშუალებას ჩამოაშოროს ქუჩას ათობით  ათასი ახალგაზრდა. სწორედ ქართულ სპორტზე საუბრებით ჩემა 7 წლის ვაჟმა სოფიაში თავის მეგობრებს საქართველო გააცნო.

თენგიზ პაჭკორია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- მზად ვართ, საქართველოსა და ქუვეითს შორის ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში
შემდეგი სტატიაასლან ბჟანია პრეზიდენტმა რუსეთთან „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმების გაფორმება დაანონსა